საჯარო უწყებები კანონის დარღვევისთვის არ ჯარიმდებიან

13 ნოემბერს გამოვაქვეყნეთ მასალა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ზოგიერთი საჯარო დაწესებულება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე დროულად არ აქვეყნებს.  ჩვენ საჯარო დაწესებულებებს – საქპატენტს და შემოსავლების სამსახურს  წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ, რატომ ვერ ხერხდება ხელშეკრულებების ვადების დაცვით ვებ-გვერდზე განთავსება და ათდღიანი ვადის გადაცილების გამო როდესმე თუ დაჯარიმებულან.

შემოსავლების სამსახურმა პირველმა გვიპასუხა, თუმცა მათი პასუხი ჩვენი კითხვის შეუსაბამო იყო, ამიტომ განმეორებით მივწერეთ და წერილში დაგვიანებით ატვირთული კონკრეტული ხელშეკრულებების ნომრები  მივუთითეთ.  შემოსავლების სამსახურიდან კვლავ შეუსაბამო პასუხი მივიღეთ. უწყებამ არ განმარტა,  რატომ იტვირთება ზოგიერთი შესყიდვის ხელშეკრულება ელექტრონულ სისტემაში დაგვიანებით.
Screen Shot 2017-11-26 at 23.46.11
 საქპატენტისგან მიღებულ  წერილში კი ნათქვამია, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ათდღიან ვადას, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არასდროს არღვევს და კანონით გათვალისწინებული ჯარიმა არასდროს დაკისრებია. თუმცა, რას გულისხმობს გამონაკლისი შემთხვევები არ დაგვიკონკრეტეს.
Screen Shot 2017-11-26 at 23.24.25
 საჯარო დაწესებულებებს გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული ხელშეკრულებების შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსება 10 დღიან ვადაში ევალებათ. კანონის დაცვას მონიტორინგს, თავის მხრივ, შესყიდვების სააგენტო უწევს და, ვადის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონი შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის 1500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.