როგორ აღმოჩნდა რაიან სმიტის სხეული მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 1700 მეტრის დისტანციაზე?

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში საყურადღებო გარემოებაა, რომ რაიან სმიტის სხეული სამართალდამცავებმა მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 1700 მეტრში, მდინარეში იპოვნეს, თუმცა ზუსტად არ არის დადგენილი გვამი კილომეტრნახევარზე მეტ დისტანციაზე როგორ გადაადგილდა?

სამართალდამცავებმა ის ადგილი, სადაც რაიან სმიტი 7 ივლისს იპოვნეს, მის ძებნაში 6 ივლისსაც გაიარეს, მაგრამ მისი გვამი იქ, სადაც მეორე დღეს ნახეს, პირველ დღეს არ აღმოუჩენიათ. მათ მდინარის კალაპოტში უფრო ზემოთ ნახეს მისი მეუღლის, ლორა სმიტის სხეული, უკანვე დაბრუნდნენ და ვერც უკან გზაზე ნახეს რაიან სმიტის გვამი.

მაშინ როგორ აღმოჩნდა ის იქ, სადაც წინა დღეს ორჯერ ვერ ნახეს?

map5

ადვოკატ ალექსი კობაიძის თქმით, ამ უცნაურ გარემოებას პროკურატურა ძლიერი წვიმით და მდინარის ადიდებით ხსნის, რომ ადიდებულმა მდინარემ რაიან სმიტის სხეული ზემოდან ქვემოთ ჩაიტანა.

ალექსი კობაიძის თქმით, საქმეში არ მოიპოვება ზუსტი ცნობები 6 და 7 ივლისის მეტეოროლოგიური პირობების შესახებ.

ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ მთელი კვირის მონაცემები და მივიღეთ პასუხი:

თქვენი 2019 წ. 15 მარტის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ხადას ხეობაში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს. უახლოესი, გუდაურის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, 2018 წ. 6 და 7 ივლისს აღინიშნა მცირე წვიმა.

სსსტც „დელტას“-ს კუთვნილი მეტეოროლოგიური რადარის მონაცემების ანალიზი უჩვენებს, რომ ხადას ხეობაში 2018 წ. 4-10 ივლისს ნალექების შესაძლებლობა ასეთი იყო:

  • 5 ივლისს  — დილის 06 სთდან 07 სთ. 26 წთ-მდე და 08 სთ. 37 წთ-დან 12 სთ-მდე – მცირე წვიმა, ხოლო 20 სთ. 41 წთ-დან 21 სთ. 01 წთ-მდე ზომიერი წვიმა.
  • 6 ივლისს — 12 სთ. 53 წთ-დან 17 სთ. 49 წთ-მდე ზომიერი, დროგამოშვებით ძლიერი წვიმა.
  • 7 ივლისს — 12 სთ. 59 წთ-დან 14 სთ. 28 წთ-მდე – მცირე წვიმა.
  • 4, 8, 9,10 ივლისს — უნალექო ამინდი იყო.

ალექსი კობაიძის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოდან ჩვენს მიერ ახლახანს მიღებული პასუხი საქმეში ბევრ რამეს ცვლის. ის თვლის, რომ 6 ივლისს წვიმამ მანამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო, ვიდრე მაშველები სამძებრო სამუშაოებს შეყწვეტდნენ და უცნაურია, რომ ორჯერ გაიარეს იმ ადგილზე, სადაც მეორე დღეს რაიან სმიტის ცხედარი ნახეს და პირველ დღეს კი ვერაფერი შენიშნეს.