საქართველოდან ექსტრადირების სტატისტიკა

2012-2017 წლებში უცხო ქვეყნებმა საქართველოს 212 პირის ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართეს. აქედან 75 უკვე ექსტრადირებულია.  131 საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა უცხოეთის მოქალაქეების ექსტრადიციის ბოლო ექვსი წლის სტატისტიკა იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შუამდგომლობით საქართველოს ყველაზე ბევრჯერ თურქეთმა მიმართა – 77 მოთხოვნიდან 59-ზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, 17 დაკმაყოფილდა და მხოლოდ ერთხელ ეთქვა უარი.

გერმანიის 26 შუამდგომლობიდან 14 დაკმაყოფილდა, 11-ს ჯერ კიდევ განიხილავენ და ერთი უარი მიიღეს.

აზერბაიჯანმა საქართველოს 22 ადამიანის ექსტრადიცია მოსთხოვა. აქედან შვიდი დაკმაყოფილდა 15 კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ყველაზე მეტი უარყოფითი პასუხი რუსეთს ეთქვა. 17 შუამდგომლობიდან 11 მიმდინარეა, სამი ადამიანი უკვე ექსტრადირებულია, სამ შემთხვევაში კი სასამართლომ გადაცემაზე უარი თქვა.   ბოლო ექვსი  წლის განმავლობაში საქართველომ უცხო ქვეყნებს ექსტრადიციაზე უარი სულ ექვსჯერ უთხრა – სამჯერ რუსეთს, თურქეთს, გერმანიასა და ყირგიზეთს კი ერთხელ.

“სამინისტრომ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია 2012 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ქვეყნებისა და წლების მითითებით და განგვიმარტა საქართველოს კანონმდებლობის ის საფუძვლები, რომელთა გამოც უარი ეთქვა კონკრეტულ ქვეყანას ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე“-  განმარტავს ქეთი ჩუთლაშვილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი.

სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2012 წლიდან დღემდე  საქართველოში მსჯავრდებული 22 პირის ექსტრადაცია მოხდა. ეს პირები შესაბამის სახელმწიფოებს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაეცა.

‘ჩვენი ორგანიზაცია სწავლობს მუსტაფა ემრე ჩაბუკის ექსტრადიციის საქმეს და ამ საქმის ფარგლებში გვაინტერესებდა, ზოგადად, რამდენად მასშტაბურად ხდება საქართველოდან კონკრეტული პირების ექსტრადიციები  და რა  საფუძვლით შეიძლება ყოფილიყო დაკმაყოფილებაზე უარი ნათქვამი სახელმწიფოს მხრიდან.” – აცხადებს ქეთი ჩუთლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუკის ექსტრადირება თურქეთმა მოითხოვა. მას თურქეთის მართლმსაჯულება ამჟამად აშშ-ში მცხოვრები ფეთულა გიულენის მომხრეთა ორგანიზაცია FETO-სთან კავშირში ადანაშაულებს.

მუსტაფა ემრე ჩაბუკს, რომელიც თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველი იყო, სამთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საექსტრადიციო დასკვნის გაცემის პერიოდი 9 თვეს არ უნდა აჭარბებდეს.

ექსტრადიციის სტატისტიკა:

ქვეყანა სულ მიმდინარე დაკმაყოფილდა უარი
გერმანია 26 11 14 1
თურქეთი 77 59 17 1
ნიდერლამდები 6 1 5 0
სომხეთი 12 6 6 0
ყაზახეთი 7 5 2 0
რუსეთი 17 11 3 3
ყირგზეთი 1 0 0 1
აზერბაიჯანი 22 15 7 0
პოლონეთი 2 1 1 0
საბერძნეთი 1 0 1 0
ბულგარეთი 1 0 1 0
საფრანგეთი 2 0 2 0
მოლდოვა 7 4 3 0
უკრაინა 11 6 5 0
შვეიცარია 2 1 1 0
რუმინეთი 3 2 1 0
შვედეთი 1 0 1 0
ბელგია 4 4 0 0
იტალია 1 0 1 0
ესპანეთი 1 0 1 0
ავსტრია 2 2 0 0
უზბეკეთი 1 1 0 0
მაკედონია 1 1 0 0
ჩეხეთი 1 1 0 0
აშშ 3 0 3 0
212 131 75 6