ნივთმტკიცებების გამოკვლევა კორონას დროს

blood-evidence
ფოტო: kavshirebi.ge

საგანგებო მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომები დისტანციურად იმართება და ასეთი პროცესების დროს ბრალდებული, შესაძლოა, შინ ან საპატიმროში იყოს და იქიდან ინტერნეტით მიიღოს პროცესში მონაწილეობა .

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად არის შესაძლებელი დისტანციურად სისხლის სამართლის საქმეების ისეთი სხდომის ჩატარება , რომლის დროსაც ნივთიერი მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ — მაგალითად სისხლიანი ტანისამოსი, იარაღი და ასე შემდეგ.

თბილისი საქალაქო სამსახურის პრესსამსახურმა გვიპასუხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე და საქალაქოს თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ბევრი საქმე გადადებულია:

დისტანციურად იხილება ძირითადად ის საქმეები, რომლებსაც განხილვის შემჭიდროვებული ვადები აქვთ. აღმკვეთი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და არსებითი განხილვის პირველი სხდომები, რომლებიც წინასასამართლო სხდომიდან არის გადანიშნული. ასევე საპატიმრო საქმეები ა.შ .  პროცესების უმეტესობა გადადებულია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული განმარტების  მიხედვით, გადადებული პროცესები არ ნიშნავს, რომ არ განიხილავენ ისეთ სისხლის სამართლის საქმეებს,  რომლის დროსაც ნივთერი მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ და, შესაძლოა, ასეთი პროცესები დისტანციური სულაც არ იყოს. ანუ მოსამართლე, ბრალდებული, პროკურორი, ადვოკატები და მოწმეები შესაძლოა ისევ რეალურ სასამართლო დარბაზში შეიკრიბონ.

საბჭომ წერილობით გვიპასუხა:

“ნივთიერი მტკიცებულებების სახის მიხედვით, შესაძლებელია დადგეს მისი სხდომის დარბაზში გამოკვლევის საჭიროება.”

სისხლის სამართლის ადვოკატის, სულხან კაპანაძის აზრით, შესაძლოა, მტკიცებულებების დისტანციურად გამოკვლევის შემთხვევაში პრობლემები წარმოიშვას:

“ვინაიდან მხარე უშუალოდ  უნდა  იღებდეს მონაწილეობას  ამ პროცესში: ვთქვათ იარაღის დათვალიერებაში, მაისურის გამოკვლევაში, ან შესაძლებელია იყოს  სხვა სახის მტკიცებულებები, სადაც უშუალოდ ვიზუალურ ნაწილში არის პრეტენზია — არის თუ არა, ვთქვათ,  კონკრეტულ დოკუმენტზე დასმული  რაიმე ბეჭედი, ან შტამპი, ხელმოწერა… მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს რომ თავი დავანებოთ, მოწმის დისტანციურად დაკითხვაც დისკომფორტს გამოიწვევს იმიტომ, რომ მხარე, როდესაც უშუალოდ იღებს სასამართლოში მონაწილეობას, უშუალოდ გრძნობს დარბაზში მოწმის განწყობას, დამოკიდებულებას მის მიმართ. სასამართლო პროცესი არის ცოცხალი ორგანიზმი, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ყაჩაღობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა ჩატარდა დისტანციურად:

“პროცესის მონაწილე მხარეები, მათ შორის ბრალდებულები შუამდგომლობის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობდნენ. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემა ეტაპობრივად საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადადის და შემჭიდროებული ვადების მქონე საქმეებს მაქსიმალურად დისტანციურად განიხილავს. აღნიშნული სერვისით სასამართლო უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.”

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებული დისტანციური სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

 

 ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით რამდენიმე საქალაქო სასამართლოს და ვკითხეთ, როგორ ატარებენ ისეთ სხდომებს, სადაც ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევაა საჭირო. სასამართლოს მოხელეებმა გვიპასუხეს, რომ ასეთი სხდომის ჩატარების საჭიროება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ჯერ არ დამდგარა.