სასამართლოს გადაწყვეტილებები აღარ ქვეყნდება

 

www.ecd.court.ge

სასამართლოების საქმისწარმოების ახალ ვებგვერდზე სასამართლო გადაწყვეტილებები სამთვენახავარია აღარ ქვეყნდება. ბოლო გადაწყვეტილება 30 აპრილით არის დათარიღებული.

 

ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შარშან ივნისში გამართა.

მაშინ საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა:

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართეთ კითხვით, რატომ აღარ ქვეყნდება გადაწყვეტილებები. მივიღეთ პასუხი:

"ecd.court.ge - ზე გადაწყვეტილებების ატვირთვასთან დაკავშირებით გარკვეული ტექნიკური შეფერხებაა.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტმა გადაწყვეტილებების დაშტრიხვასთან დაკავშირებით რეგულაციები უნდა მიიღოს.
საკითხზე ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა პარლამენტის ინიციატივით რამდენიმე კვირის წინ გაიმართა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც დაესწრნენ."

ამ პასუხში იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, რომლიც მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ:

"ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტი ექვემდებარება საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. სასამართლო აქტის სრული ტექსტის ხელმისაწვდომობა, მათ შორის, გულისხმობს სასამართლო აქტში არსებული პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობას."

სასამართლოდან საჯარო ინფორმაციის სახით გადაწყვეტილებების მიღება 2015 წლიდან გართულდა, რასაც სასამართლო “პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნებით ხსნიდა. ამას მოჰყვა ორი ორგანიზაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში:

“მედიის განვითარების ფონდისა” და “ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის” სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად სცნო: “საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.” საკონსტიტუციო სასმაართლომ გადაწყვიტა, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლი, რომლის გამოც დაინტერესებული  მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ  ძალადაკარგულად ყოფილიყო ცნობილი 2020 წლის პირველი მაისიდან (გადაწყვეტილების მიმღები კოლეგიის შემადგენლობა: მერაბ ტურავა ევა გოცირიძე გიორგი კვერენჩხილაძე მაია კოპალეიშვილი).
სწორედ ამ თარიღს ემთხვევა ecd.court.ge-ზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნების შეჩერებაც.

პარლამენტს ცვლილებების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლომ ვადა პირველ მაისამდე მისცა. ამ საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს, ვადა გავიდა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული ჯერ ისევ არ არის.

ამ საკითხს კარგად იცნობს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა. მისი თქმით, პარლამენტს კანონმდებლობის დახვეწაში რომ დახმარებოდნენ, კვლევაც ჩაატარეს:

"ჩვენმა პროექტმა, პარლამენტისთვის  მოვამზადეთ კვლევა, ექსპერტად გვყავდა აყვანილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი ვალდებულია და იძულებულია გაითვალისწინოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩავთვალეთ, რომ ეს ექსპერტი ყველაზე კარგად შეძლებდა დამატებითი განმარტებების და დამატებითი რეკომენდაციების გაცემას ჩვენს ევროპელ ექსპერტებთან ერთად -- რა ფორმით და როგორ შეიძლება მოხდეს კანონმდებლობის გაწერა.  ამ კვლევაში მიმოხილულია, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ევროპის და ამერიკის პრაქტიკები."

ერთ-ერთი მოსარჩელე ორგანიზაციის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კუკავა თვლის, რომ სასამართლო საკანონმდებლო ცვლილებებს არ უნდა ელოდებოდეს და დაუშტრიხავ  გადაწყვეტილებებს უკვე  უნდა აქვეყნებდეს და გასცემდეს საჯარო ინფორმაციის სახით:

ქეთევან კუკავა
(www.idfi.ge)
"2020 წლის პირველი მაისიდან უკვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისი მუხლები არის ძალადაკარგული, ანუ რომელიც კრძალავდა სრული ტექსტის ხელმისაწვდომობას და  მაისიდან უკვე სასამართლოები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდრატით და უნდა გაასაჯაროონ სრულად ეს გადაწყვეტილებები. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ 30 აპრილის შემდგომ არცერთი გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული ვებგვერდზე, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია იმასთან, რომ პარლამენტს არ მიუღია საკანონმდებლო ცვლილება დადგენილ ვადაში და ეს საკითხი არ დაურეგულირებია საკანონმდებლო დონეზე. ეს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებასთან არის შეუსაბამო და სასამართლოები ვალდებულნი არიან პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელონ და გაასაჯაროვონ გადაწყვეტილებების სრული ტექსტი."


 

საჯარო რეესტრის ბაზები გათიშულია

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ქონების, სამეწარმეო და სხვა რეესტრების ბაზები გათიშულია. ფუნქციონირებს მხოლოდ “ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი.” შესაბამისად, შეუძლებელია უძრავი ქონებისა და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოძიება და სხვა სერვისებით სარგებლობა.

“კავშირებს” რეესტრის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ შუადღიდან (20 ნომებერი) არის მასშტაბური ხარვეზი, რომელიც ხვალ აღმოიფხვრება.

reestri1

503 Service Unavailable

No server is available to handle this request.

 

გამქრალი მუხლები

თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელში დამონტჟებული მონიტორი
თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელში დამონტჟებული მონიტორი

არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და არც სასამართლოს საინფორმაციო მინიტორზე აღარ საჯაროვდება, რა დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს სასამართლოს დარბაზში სისხლის სამართლის საქმე.

ამავდროულად, ვებგვერდიდან  წაიშალა წინა წლებში განხილულ საქმეთა განრიგი.

tcc_ganrigi_web_2
თბილისი საქალაქო სასამართლოს სხდომათა განრიგის ვებვერსია

 

თბილისი საქალაქო სასამართლოდან მივიღეთ პასუხი, რომ განრიგის ორივე ვერსიიდან კოდექსის მუხლების წაშლა მხოლოდდამხოლოდ ტექნიკური ხარვეზია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული პასუხი
თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული პასუხი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე გავარკვიეთ, რატომ წაიშალა სხდომათა ძველი განრიგები. ამ ჩანაწერების მიხედვით შესაძლებელი იყო მოგვიანებითაც შემოწმებულიყო რომელიმე საქმის განხილვისას  მოსამართლეს ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ ჰქონდა.

გავარკვიეთ, რომ სხდომათა ძველი განრიგების წაშლა ორი წლის წინ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში შესულ საჩივარს უკავშრდება. აპარატიდან მივიღეთ წერილობითი განმარტება:

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2016 წელს მიმართა მოქალაქემ, რომელიც აცხადებდა, რომ საძიებო სისტემა- „Google“-ში მისი სახელის და გვარის მითითებისას ხელმისაწვდომი ხდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge განთავსებული ინფორმაცია, ორი წლის წინ გამართული სასამართლო სხდომის თაობაზე.

ინფორმაცია მოიცავდა არაერთ მონაცემს სხდომის შესახებ, მათ შორის განმცხადებლის ბრალდებულის სტატუსს, რაც შესწავლის შედეგად დადასტურდა.”

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საჩივარში მითითებული საკითხის გარდა ყურადღება იმასაც მიაქცია, რომ სასამართლოს ვებგვერდზე უფრო ძველი სხდომათა განრიგებიც იძებნებოდა:

“სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია 2008 წლიდან საქმის შესწავლის მომენტამდე გამართული სასამართლო პროცესების განრიგის შესახებ და მათი წაშლა არ ხდებოდა შესაბამისი რეგულაციების არარსებობის გამო.

ინსპექტორმა იმსჯელა საკითხზე და მიიჩნია, რომ სასამართლო პროცესში მონაწილე მხარეების პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შესახებ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროების აუცილებლობა სახეზეა მანამ, სანამ არსებობს სასამართლო სხდომის ღიაობის უზრუნველყოფის და შესაბამისად, სასამართლო სხდომის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზანი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, სასამართლოს მოცემული მომენტისათვის არ გააჩნდა განმცხადებლის მონაცემების აღნიშნული ვადით საჯაროდ განთავსების რაიმე მიზანი და საჭიროება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მიერ განმცხადებლის პერსონალური მონაცემების ვებგვერდზე მოცემული პერიოდის ჩათვლით გასაჯაროებით დაირღვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განმტკიცებული პრინციპები.

შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაევალა იმის განსაზღვრა, თუ რა ვადით და მოცულობით არის საჭირო სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეების პერსონალური მონაცემების ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ განთავსება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.”

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან მიღებული პასუხში წერია, რომ  ინსპექტორს არ განუსაზღვრავს კონკრეტულად რა ინფორმაცია უნდა წაშილილიყო სასამართლოს საჯარო სივრციდან:

“ინსპექტორის გადაწყვეტილება და შესაბამისი დავალება შეეხებოდა მართლმსაჯულების განხორციელების შემდგომ, ანუ სასამართლო განხილვის დასრულების და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, პერსონალური მონაცემების ვებგვერდზე გასაჯაროვებას. ინსპექტორმა სასამართლოს დაავალა იმის შეფასება და განსაზღვრა, თუ რა ვადით და რა მოცულობით არის საჭირო სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეების პერსონალური მონაცემების ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ განთავსება შესაბამისი კანონიერი მიზნის (მართლმსაჯულების საჯაროობის, ხელმისაწვდომობის) მისაღწევად; ინსპექტორს არ დაუდგენია რა კონკრეტული მონაცემების გასაჯაროვება/შეზღუდვა იქნებოდა მიზანშეწონილი და რა ვადით. ინსპექტორის დავალების შესაბამისად ამას განსაზღვრავს და აფასებს მონაცემთა დამმუშავებელი.”

 

თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდის ხარვეზი

თბილისის მუნიციპალიტეტის  სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე არ არის განთავსებული ინფორმაცია სააგენტოს საშტატო სტრუქტურისა და ხელმძღვანელი პირების შესახებ.

განყოფილებაში “სააგენტოს შესახებ” ინფორმაცია დასაქმებული პირების შესახებ მითითებული არ არის.

 

qonebis_martva_web

 

დავუკავშირდით სააგენტოს პრესსამსახურს. მივიღეთ განმარტება:

“საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქონების მართვის სააგენტოში სამსახური, არ ითვლება საჯარო სამსახურად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ ძალაში შევა 2019 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, ვინაიდან სააგენტოში დასაქმებული პირები (გარდა სააგენტოს უფროსისა) არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად, მათ შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური მონაცემების შემცველი, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სააგენტოს არ აქვს მისი გაცემის/გამოქვეყნების ვალდებულება.”

პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, დაგეგმლია საიტზე ინფორმაციის განახლება, შესაბამისად დაემატება ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი თავართქილაძის შესახებაც.

 

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წელი ერთ ანგარიშში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე წლიური ანგარიშების განყოფილებაში მხოლოდ საბჭოს 2013 წლის ანგარიშია ატვირთული.

ჩვენ საბჭოს 13 დეკემბერს მივმართეთ კითხვით, რატომ არ არის ატვირთული შემდგომი წლების წლიური ანგარიშები? საბჭოდან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

20 დეკემბერს საბჭოს ყოფილმა წევრებმა განვლილი ოთხლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია უზენაესი სასამართლოს შენობაში გამართეს.

პრეზენტაციაზე მედიასაშუალებები არ მიუწვევიათ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ანგარიში ორ ენაზეა ატვირთული ქართულად და ინგლისურად.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ტესტების გახმაურებული სკანდალი საერთოდ არ არის ნახსენები.

 

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა
უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა

 

 

 

ზუგდიდის საკრებულოს ვებგვერდზე ინფორმაცია დროულად არ ქვეყნდება

ზუგდიდის საკრებულოს ვებ-გვერდზე www.zugdidi.gov.ge  წლევანდელი სხდომებიდან  მხოლოდ ერთი სხდომის შესახებ დევს ინფორმაცია.

რაც შეეხება სხდომების დღის წესრიგს, ბოლო საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი 2016 წლის 14 აპრილს დაიდო. მას შემდეგ რამდენი საკრებულოს სხდომა ჩატარდა და რატომ არ მოხვდა ეს დოკუმენტები ვებ-გვერდზე ამის გასარკვევად, “კავშირები” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროს ირაკლი ლაგვილავას დაუკავშირდა. მისი თქმით,  წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 21 საკრებულოს სხდომა ჩატარდა. აქედან ყოველი თვის პირველი პარასკევი არის გეგმიური სხდომის თარიღი, ყველა დანარჩენი სხდომა რიგგარეშე იყო. სანამ დღის წესრიგს ბიურო არ დაამტკიცებს,დოკუმენტს ვერ აქვეყნებენ. ლაგვილავას თქმით,  რამდენჯერმე ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთით ადრე ჩატარდა და ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ყველაზე გვიან,  სხდომის შემდეგ იდება დღის წესრიგი. ირაკლი ლაგვილავას ეს პასუხი მაინც არ განმარტავს, რატომ არ ქვეყნდებოდა დღის წესრიგები ვებგვერდზე მთელი წლის განმავლობაში და რატომ დევს 2017 წლის მხოლოდ ერთი სხდომის ოქმი. ლაგვილავამ გვითხრა, რომ ეს ჩვენგან შეიტყო, სავარაუდოდ ვებ-გვერდის პროლემაა და დაგვპირდა, რომ გაარკვევს.

 

 

 

 

წალკის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი წელს არ განახლებულა

წალკის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე www.tsalka.gov.ge განთავსებული უახლესი ინფორმაცია 2016 წლის 13 დეკემბრით, თარიღდება.

არ დევს ახალი ამბები, ცარიელია ველი ბიზნესის შესახებ, რომელიც მოსახლეობას ინფორმაციას ტენდერების, ინოვაციების, ტურიზმის სტატისტიკის,საწარმოს რეგისტრაციის, რეგულაციების, კომუნალური მომსახურებების, სამართლებრივი ნორმების, გადასახადების და მოსაკრებლების შესახებ უნდა აწვდიდეს. არ არის ინფორმაცია ისეთი მომსახურებების შესახებ, როგორიცაა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება, ნებართვის გაცემა და ა.შ. არ დევს ინფორმაცია წალკის შესახებ, რომელიც წალკის ისტორიას, არსებული მედია საშუალებების, კულტურის, გეოგრაფიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას უნდა მოიცავდეს. სასარგებლო ინფორმაციის ველი, სადაც საბავშვო ბაღებზე, საჯარო სკოლებზე, სასწავლო პროგრამებზე, დასაქმებასა და მოსახლეობის ჩართულობაზე უნდა აწვდიდეს მოსახლეობას ინფორმაციას, ასევე ცარიელია. ინფორმაცია დევს მხოლოდ საკრებულოს ოქმების და განცხადებების შესახებ.

მითითებული საკონტაქტო პირის, საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი გიგინეიშვილის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია.

ვებ-გვერდი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას ემსახურება. “კავშირები” საკითხის გასარკვევად, ვებ-გვერდზე პასუხისმგებელ სამსახურს ორივე სტრუქტურაში დაუკავშირდა.

ნოდარ გაბაძე, საკრებულოს აპარატში საორგანიზაციო განყოფილების უფროსია. მან გვითხრა:
“ჩვენ ძირითადად განცხადებებს და ოქმებს ვდებთ. მე ვამოწმებ ხოლმე და დევს. განცხადებები მოიცავს იმფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის იმართება სხდომები. კომისიის და ბიუროს სხდომის ოქმებს ვდებ. დეკემბერშია ხო განახლებული? იქ იქნება ალბათ შეხვედრის ოქმი სხვა არაფერი, როცა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა საკრებულოს თავმჯდომარემ. სიახლეებს ძირითადად გამგეობა დებს, რადგან აღმასრულებელი ხელიუფლებაა. თუ მაგალითად ვინმე სტუმარია ჩამოსული, ან სხვა რამე, მისი სამსახური დევს. ჩვენ ძირითადად კომისიის ოქმებს ვდებთ. გამგეობამ, თუ რამე სიახლე ან სხდომა აქვს, ინფორმაცია 7 დღის განმავლობაში უნდა დადოს.”

ევგენია ფურცელაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ის ადასტურებს, რომ ვებგვერდი გაჩერებულია და მიზეზსაც ხსნის:
“პიარის გოგოები არ გვყავს, არც შტატით და არც დაკისრებული, ამიტომაც ეს ვებ-გვერდი გაჩერდა. ეხლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა ავიყვანოთ ვინმე, რომ იმუშავოს ამ ვებ-გვერდზე. ცალკე შტატი ამაზე არსად არ არის გამოყოფილი, ანუ ვიღაცას უნდა დავავალოთ. ახლა კონკურსი გვაქვს გამოცხადებული www.hr.gov.ge-ზე დევს. სხვათაშორის, ვებ-გვერდი დიდი ხანი არ არის რაც არსებობს, ორი წელი იქნება. მანამდე ვინც ანახლებდა მას, ისინი მაღალმთიანობის პროგრამაში გადაიყვანეს. ჩვენც ვწვალობთ და ძალიან ვნერვიულობთ რომ ეს ვებ-გვერდი გაჩერებულია.”

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი მარტის შემდეგ არ განახლებულა

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე www.akhmeta.gov.ge ბოლო სიახლე 2017 წლის 2 მარტით თარიღდება. ახალ ფორმატში შექმნილ ვებ-გვერდზე არის ველი “მოქალაქეს”, სადაც შემდეგი კატეგორიებია: საყოველთაო ჯანდაცვა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ვიწრო და მრავალპროფილიანი კლინიკები, ჯანმრთელობის დაზღვევა. არც ერთი ჩამოთვლილ კატეგორიაში შესაბამისი ინფორმაცია არ მოიძებნება. მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ვებ-გვერდის ადმინისტრირება ახმეტის გამგეობას ეხება.

“კავშირები” საკითხის გასარკვევად, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს დავით აბულაძეს დაუკავშირდა. აბულაძის თქმით, ინფორმაციას პერიოდულად დებს თანამშრომელი, მაგრამ სიახლეებს ნაკლებად ტვირთავენ, რადგან “ფეისბუქ გვერდი უფრო აქტუალურია და ყველა სიახლეს აღარ ვდებთ. თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში დავდებ, არ არის პრობლემა. ნაკლებად მოთხოვნადია სიახლეები და რადგან ახალი აწყობილია ვებ-გვერდი, ვცდილობთ აუცილებელი გრაფები რაც არის, ის შევავსოთ” — აცხადებს აბულაძე. “შეგვყავს ის ინფორმაცია, რასაც ვებ-გვერდის ფორმატი ითხოვს”. როგორც აბულაძე ამბობს მიზეზი ვებ-გვერდის გაუმართაობის ტექნიკური პრობლემებიც არის. “ამ საკითხზე კონკრეტული თანამშრომელი მუშაობს. ჯერ ვერ გეტყვით, როდის გაიმართება ვებ-გვერდი, ალბათ ერთ თვეში” –ამბობს აბულაძე.

“კავშირები” ასევე დაუკავშირდა, ადმინისტრაციის უფროსის მიერ დასახელებულ თანამშრომელს, ქეთი თორღვაშვილს, რომელსაც ვებ-გვერდის ადმინისტრირება და ინფორმაციის განთავსება ეხება. თორღვაშვილი ადამიანური რესურსების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტია.

რატომ არ მუშაობს ვებ-გვერდი სრულად?

ჩვენი ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს. მე რაც შემიძლია ვანახლებ ინფორმაციას. ხარვეზი მქონდა ნიუსებში. დანარჩენი აუქციონი და საკრებულოსთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია მუდმივად იდება.

როდის დაიწყო განახლებულ ვებ-გვერდზე მუშაობა?

ვებ-გვერდზე მუშაობა 2016 წლის ზამთრის პერიოდში დაიწყო.

როდის დასრულდება ვებ-გვერდზე მუშაობა?

როდის დასრულდება ეს პროცესი ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს მთავრობის წამოწყებულია, ყველა მუნიციპალიტეტს ერთნაირ ვებ-გვერდებს უკეთებს.

სავარაუდოდ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, რომლებიც ვებ-გვერდებს ვმართავთ, რაღაც ტრენინგი დაგვჭირდება კიდევ. აქამდე ერთხელ თუ ორჯერ გვქონდა ტრენინგი თბილისში, მთავრობის კანცელარიაში.

რა თანხაა ვებ-გვერდის ადმინისტრირებაზე გამოყოფილი?

ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მე ადმინისტრაციის ერთერთი რიგითი თანამშრომელი ვარ, რომელმაც შევითავსე ეს მოვალეობა. არანაირი ცალკე განყოფილება ჩვენთან არ არის, უბრალოდ შევითავსე ეს ფუნქცია. საზოგადოებასთან ურთიერთობის შტატიც კი არ გვაქვს ცალკე. ცალკე ალბათ არც იყო ფინანსები.

ამ მოვალეობის შეთავსებისას აიღეთ დამატებითი ანაზღაურება?

არა, არ ამიღია ცალკე ანაზღაურება, ან დანამატი.

 

ავტორი: თამარ კიკაჩეიშვილი

ახალგორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი სრულად არ ფუნქციონირებს

ავტორი:თამარ კიკაჩეიშვილი

ახალგორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.akhalgori.org.ge განთავსებული ინფორმაცია მითითებულ ველებს არ შეესაბამება. გამგეობის შესახებ ინფორმაცია არ დევს და მის ნაცვლად ისტორიული შენობა-ნაგებობების ამბავია აღწერილი. ვებ-გვერდზე მითითებული ველები, რომლებიც მიმდინარე პროექტებს უნდა ეხებოდეს, არ ფუნქციონირებს. გაუმართავია ვებ-გვერდზე მითითებული აუქციონის, ტენდერების და კონტაქტების ველი. “კავშირები” ამ საკითხის გასარკვევად ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ ბალაშვილს დაუკავშირდა:

რატომ არ მუშაობს ვებ-გვერდი?

ვებ-გვერდი განახლების პროცესშია და რაღაც ინფორმაცია არ ემთხვევა ჯერ. გარკვეული ინფორმაცია დევს ახალგორის მუნიციპალიტეტის facebook გვერდზე, მაგრამ ვებ-გვერდზე ჯერ არ დევს.

როდის დაიწყო ვებ-გვერდზე მუშაობა?

ორი კვირის წინ დაიწყო მუშაობა ამ ვებ-გვერდზე და სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება.

აპირებთ თუ არა gov.ge-ზე გადასვლას?დიახ ვაპირებთ, ესეც ჩათვალა საჭიროდ საკრებულომ და მალე გადავალთ.

რა თანხაა გამოყოფილი ამ ვებ-გვერდისთვის?

ცალკე ფინანსური რესურსი ამისთვის არ გვაქვს გამოყოფილი. გვყავს თანამშრომელი IT სპეციალისტი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. საკრებულოს აქვს აღნიშნული სპეციალისტის შტატი და საჭირო არ გახდა დამატებითი რესურსის დახარჯვა.

 

 

 

 

 

 

 

 

თელავის ოფიციალური ვებგვერდი არ მუშაობს

თამარ კიკაჩეიშვილი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.telavi.gov.ge ბოლო ახალი ამბავი გასული წლის სექტემბრით თარიღდება. გვერდზე მოქალაქეებს არც უახლესი განცხადებების და გადაწყვეტილებების შესახებ დახვდებათ ინფორმაცია. ვებგვერდის გაუმართავი მუშაობის შესახებ. “კავშირები” თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, გიორგი ენუქიძეს დაუკავშირდა.

 

-რატომ არ ახლდება თელავის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი?

-მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტისთვის ახალი ვებ-გვერდები შეიქმნა, ეს არის მთავრობის ადმინისტრაციის და CTC-ს მიერ შემუშავებული. ნაცვლად ტირესი, (რომელიც ადრე იყო დასახელებაში) ახლა არის www.telavi.gov.ge  მაგრამ რაღაც პრობლემებია და სამწუხაროდ ვერცერთმა მუნიციპალიტეტმა ჯერ ვერ მოახერხა გადასვლა და  ჯერჯერობით არცერთ მუნიციპალიტეტს აქტიური ვებგვერდი არ აქვს.

 

– რატომ ვერ აამუშავეს მუნიციპალიტეტებმა ვებ-გვერდები?

ამდენად ვერ ვერკვევი, ანუ IT სპეციალისტები უკეთ ახსნიან, რაღაც არის გასამართი და კიდევ კადრების პრობლემაა. კომპეტენტური კადრი, რომელიც ჩვეულებრივი სპეციალისტის ხელფასზე წამოვიდოდა არ არის. კადრი არის მუნიციპალიტეტში, მაგრამ პროგრამისტი სჭირდება ამას. მოგეხსენებათ, პროგრამისტების ხელფასი 2000 ლარიდან იწყება და 300 ლარზე აქ არ წამოვა.

ეხლა ერთობლივად ვაპირებთ მუნიციპალიტეტები ხელშეკრულება დავდოთ  ორგანიზაციასთან, რომელიც დისტანციურად იმუშავებს, ანუ გაგვიმართავს კიდეც საიტებს და მოგვემსახურება.

-როდისთვის იქნება ვებგვერდი მზად?

-მიმდინარეობს მუშაობა და, სავარაუდოდ, მაისის თვეში მოხდება ძველი ვებგვერდიდან სრული ინფორმაციის გადმოტანა და ახალზე განთავსება.

საინფორმაციო საშუალებად ამ ეტაპზე აქტიურად ვიყენებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: “თელავის მერია”.