“მოსამართლის სესხი” — დამატებითი მონაცემები სამ მოსამართლეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემთა ბაზის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეების ნაწილი ბანკების საქმეებს იმ დროს განიხილავს, როდესაც მათ, ან მათი ოჯახის წევრებს, ამ ბანკებში კრედიტები აქვთ აღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს.

ზოგიერთი მოსამართლის სესხი სხვა დანარჩენებისგან თანხის მოცულობით გამორჩეულია.

shorena_jankhoteli

შორენა ჯანხოთელი

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მოსამართლე შორენა ჯანხოთელს, სხვა სესხებთან ერთად “საქართველოს ბანკიდან” 2014 წლის 14 აპრილს შვიდწლიანი სესხი, 78000$ აქვს აღბული. ამ პერიოდში საქართველოს ბანკთან დაკავშირებით შორენა ჯანხოთელის მოსამართლეობით 29 პროცესი ჩაინიშნა. მათ შორის ისეთი საქმეებიც არის, რომლებზეც რამდენიმე სხდომა იყო ჩანიშნული. აქედან გამომინარე, მოსამართლემ ეს საქმეები არ აიცილა.

shorena_jankhiteli_BOG_SAMPLE

urtmelidze_tamaz

თამაზ ურთმელიძე

მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს 2004 წლიდან დღემდე, დეკლარაციების მიხედვით, სხვადასხვა მოცულობის სესხი აქვს აღებული “ბანკ რესპუბლიკაში” და “საქართველოს ბანკში”

ყველაზე მეტი თანხა “საქართველოს ბანკიდან” მან ბოლო სამ წელიწადში ისესხა. მეუღლესთან, მირანდა გურგენიძესთან ერთად 2013 წელს, ათწლიანი 51800$ და 2014 წელს კი დამოუკიდებლად ასევე ათწლიანი 84100$. მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც “საქართველოს ბანკში” კრედიტი ჰქონდა, თამაზ ურთმელიძე განიხილავდა კრედიტორი ბანკის საქმეებს.tamaz_urtmelidze_BOG_SAMPLE

eliso_tukvadze

ელისო ტუკვაძე

მოსამართლე ელისო ტუკვაძის მეუღლემ, მიხეილ ჯიქიამ, 2007 წლის 25 მაისს “თიბისი ბანკიდან” 2014 წლის 26 თებერვლამდე ისესხა 50 000$. ეს სესხი 2011 წლის დეკლარაციაში აღარ ჩანს. ჩვენ შევამოწმეთ სასამართლოს სხდომების ბაზა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი პერიოდიდან 2008 წლიდან 2010 წლამდე. მონაცემთა ბაზის მეშვეობით დასტურდება, რომ მოსამართლე ამ პერიოდში განიხილავდა “თიბისი ბანკის” საქმეებს და არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე პროცესია ჩანიშნული, ანუ მოსამართლემ ამ შემთხვევებში საქმეები არ აიცილა.

eliso_tukvadze_TBC_SAMPLE

ვალდებულია თუ არა მოსამართლე, აიცილოს იმ ბანკის საქმე, რომელთანაც მას ამ ბანკში აღებული მიმდინარე კრედიტი აკავშირებს? ამ კითხვით იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს მივმართეთ:

 

გამოკითხვა: მოსამართლის სესხი

ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა: უნდა განიხილავდეს თუ არა მოსამართლე იმ ბანკის საქმეებს, რომელშიც სესხი აქვს?  

ვინ უპასუხებს მოსამართლის ნაცვლად?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მაისურაძეს, 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2010 წლის 29 აპრილს ”საქართველოს ბანკიდან”  ოთხწლიანი იპოთეკური სესხი, 24500 ლარი აქვს აღებული.

გიორგი მაისურაძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

შემდგომი წლების დეკლარაციების მიხედვით, გადახდის იმავე პერიოდის მქონე იპოთეკური სესხის (18500 ლარი) გასწვრივ გრაფაში მითითებულია ოთხი გასავალი: 2012 წლის დეკლარაცია: გასავალი 6180 ლარი 2013 წელი — გასავალი 6180 ლარი 2014 წელი — გასავალი 1545 ლარი 2015 წელი — გასავალი 2056 ლარი ამ მონაცემების მიხედვით ჩნდება კითხვა: მოსამართლემ აღებული სესხის, 24500 ლარის გასასტუმრებლად გადაიხადა ნაკლები — 15961 ლარი, რაც აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლებია. როგორ აიხსნება ეს სხვაობა? ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილობით მივმართეთ. მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი წერილი ფორმალურად გაუმართავია და უნდა მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით ორჯერ მივმართეთ: 25 სექტემბერს და 29 სექტემბერს, პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. ამ ეტაპისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიიღოს ჟურნალისტმა მოსამართლის განმარტება, როდესაც კითხვა მის ქონებრივ დეკლარაციასთან, ან ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ჩნდება. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.