როგორ შეამოწმეს სამხედრო მოსამსახურე ოპიუმზე

თამარ კიკაჩეიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა  სხდომაზე მოისმინეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ნარკოტიკის მოხმარებაზე შემოწმებული სამხედრო მოსამსახურის შესახებ.

რეკომენდაცია სხდომის მონაწილეებს საბჭოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის კონსულტანტმა ხატია შეყილაძემ გააცნო. მისი ნაამბობის მიხედვით, ეს სამხედრო მოსამსახურე შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. წვრთნიდან დაბრუნებულს დაბრუნებულს ნარკოტიკული ნივთიერება ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

შეყილაძის თქმით, წვრთნიდან დაბრუნების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნა შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. კრიმინალისტიკურმა სამსახურმა აიღო ბიოლოგიური მასალა შარდი 2015 წლის 24 ივნისს და პირველი ივლისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამ პიროვნებას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის, მოხმარების ფაქტი.

 

(ამ შემთხვევის განხილვისას საბჭოს სხდომაზე სამხედრო მოსამსახურისა და მოსამართლის იდენტიფიცირება არ მომხდარა. ვიდეოჩანაწერში ამ საკითხის განხილვა იწყება 2:03:00-დან)

სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სამხედრომ ნარკოტიკის მოხმარება არ აღიარა. მან დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა. 2015 წლის 7 ივლისს მოსამართლემ ექსპერტიზის სასამართლოს ინიციატივით დანიშვნის შესახებ გამოიტანა განჩინება.

შეყილაძის თქმით, მოსამართლემ: შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს დაავალა, რომ ის ბიოლოგიური მასალა, რაც თვითონ გამოიყენა ექსპერტიზის ჩატარებისას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსათვის გადაეგზავნა.

ექსპერტიზის დამნიშვნელი, განჩინებიდან გამომდინარე, სასამართლო იყო, მაგრამ ხარჯების ანაზღაურება მოსამართლემ სამხედრო მოსამსახურეს დააკისრა.

ცხრა დღეში ექსპერტიზის ბიურომ სასამართლოს შეატყობინა, რომ  საკვლევი ბიულოგიური მასალა საკმარისი რაოდენობით არ იყო წარდგენილი და თუ დამატებით მასალას ვერ მიიღებდნენ, ხელახალ ექსპერტიზას ვერ ჩაატარებდნენ.

შეყილაძის თქმით: განჩინების შემდეგ, ვინაიდან აუცილებელი გახდა კრიმინალისტიკურ სამსახურს სამხარაულისთვის, ეს ბიოლოგიური მასალა გაეგზავნა, ბიოლოგიური მასალა გაყვეს და 7 მილიგრამი ცალკე და დაახლოებით 13 — ცალკე ქილაში მოათავსეს. თუმცა, როდესაც სამხარაულის ბიურომ  სასამართლოს მიმართა, მის წერილში ეწერა, რომ საკვლევი მასალა, 3.5 მილიგრამის ოდენობით იყო წარდგენილი მაშინ, როცა, კრიმინალისტიკური სამსახური სამხარაულის მიმართ გაგზავნილ წერილში წერდა, რომ 7 მილიგრამი საკვლევი მასალა წარადგინა.

ეს წერილი 16 ივლისით თარიღდება და, როგორც ირკვევა, 15-დან 31 ივლისამდე მოსამართლე შვებულებაში იმყოფებოდა. ვინაიდან, დამატებით მასალა არ წარადგინეს, სამხარაულმა გამოიტანა აქტი ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. დაინიშნა სასამართლო, ადმინისტრაციული საქმის განხილვის პროცესი და 25 სექტემბერს მოსამართლემ დადგენილება გამოიტანა, რომლითაც იმ კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

“ამის შემდეგ ამ საქმით სახალხო დამცველი დაინტერესდა, დაუკავშირდა ამ მოსამართლეს და ამ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის თანაშემწემ მას ინფორმაცია გაუგზავნა და აცნობა რომ, მას შემდეგ, რაც სამხარაულისგან დამატებითი ბიოლოგიური მასალის წარდგენის შესახებ მიიღეს მოთხოვნა, როგორც თანაშემწე განმარტავს, მოთხოვნისთანავე დაუკავშირდა ტელეფონით კრიმინალისტიკურ სამსახურს და კრიმინალისტიკურმა სამსახურმა განუმარტა, რომ ბიოლოგიური მასალა, რაც გამოიყენეს, გადააგზავნეს სამხარაულის ბიუროში და მისი გაყოფა არ მომხდარა. როგორც თანაშემწე განმარტავს, ის ასევე დაუკავშირდა სამხარაულის ბიუროს და შეატყობინა ის ინფორმაცია, რაც კრიმინალისტიკური სამსახურიდან მიიღო და სამართალდარღვევაში ბრალეულ პირს დაუკავშირდა. შეატყობინა და შესთავაზა, რომ სხვა სახის ექსპერტიზა ჩაეტარებინა, მაგალითად თმის ღერის მეშვეობით. იმიტომ, რომ ვერ ხერხდებოდა დამატებითი ბიოლოგიური მასალის წარდგენა.” – აცხადებს შეყილაძე.

მოგვიანებით, სახალხო დამცველმა სასამართლოსგან მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რით დასტურდებოდა სატელეფონო კომუნიკაცია. თუ არსებობდა ჩანაწერი. ჩანაწერი არ არსებობდა. შესაბამისად, ვერაფრით დასტურდებოდა ის, რომ მოსამართლის თანაშემწემ ნამდვილად ასეთი პასუხი მიიღო კრიმინალისტიკური სამსახურისგან. შემდეგ, თანაშემწე თავისი ინიციატივით დაუკავშირდა კრიმინალისტიკურ სამსახურს და უთხრა წერილობით მიეწერათ, რა რაოდენობის მასალა გაუგზავნეს სამხარაულის ბიუროს. კრიმინალისტიკურმა სამსახურმა წერილობით აცნობა, რომ სულ აღებული ჰქონდათ 20 მილიგრამი მასალა, მოხდა გაყოფა და გადაიგზავნა 7 მილიგრამი ოდენობით. თუმცა, აქ შეყილაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არის ცდომილება კრიმინალისტიკური სამსახურის და სამხარაულის ბიუროს ინფორმაციებს შორის.

შეყილაძის თქმით, სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია, როგორ ხდებოდა საქმეთა განაწილება მაშინ, როცა მოსამართლე შვებულებაში იყო. სასამართლოსგან მიიღო შემდეგი განმარტება: ასეთ შემთხვევაში მოსამართლის ნების გათვალისწინებით, იგი წერს მოხსენებით ბარათს და ასეთ დროს სასამართლოს თავმჯდომარე სხვა მოსამართლეზე ანაწილებს საქმეს, ამ კონკრეტულ განცხადებას განსახილველად.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციით ჩვენ გვთხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს და მიიღოს შესაბამისი ზომები, ვინც არის პასუხისმგებელი პირი ამ სამართალურთიერთობაში და მეორე, ითხოვს რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროცედურული წესი შეიმუშავოს, სადაც გაწერილი იქნება, როგორ ხდება საქმეთა განაწილება მოსამართლის შვებულებაში ყოფნის დროს– თქვა შეყილაძემ.

აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 24 მარტს მიმართა. როგორც სხდომაზე განაცხადეს, მან საქმეზე მსჯელობა და რეგირება მოითხოვა, აგრეთვე რეკომენდაცია გასცა გაწერილიყო მოსამართლის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის უფლება-მოვალეობები.  

სახალხო დამცველის რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა სრულყოფილი ინფორმაციის მოძიების შემდეგ დაიწყოს აღნიშნულზე მსჯელობა და ჩართულობის მიზნით, ამ პროცესს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც დაესწროს. თუმცა, მანამდე საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა უკმაყოფილება გამოხატა სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე და ეს სასამართლო პროცესში “ჩარევად” შეაფასა.  “კონსტიტუციაში წერია, რომ არავის აქვს ჩარევის უფლება და ეს არის ჩარევა. როგორც პროკურორი იკვლევდა მასალებს ისე მოიკვლია. ეს ცუდი ტენდენციაა სახალხო დამცველის მხრიდან’’ – განაცხადა მეთოფიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები გამოქვეყნდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე 17 თებერვლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება დაიწყო.

31 მარტს საბჭოს გადაწყვეტილებები 17 თებერვლის შემდეგ გამოქვეყნებული ჯერ კიდევ არ იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ სულაქველიძემ დღეს განმარტა: “17 თებერვლის შემდეგ ორი, 13 და 24 მარტის სხდომების განმავლობაში საბჭომ 10-დე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებებს მომზადება სჭირდება, რაც გარკვეულ დრო მოითხოვს. გადაწყვეტილებები დღესვე გამოქვეყნდება”.

IMG_3567

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ვებგვერდზე დროულად არ ქვეყნდება

უკვე 42 დღეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა საბჭოს გადაწყვეტილებები.

2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნებულია, 2017 წლის 17 თებერვლით თარიღდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  თამარ სულაქველიძის განმარტებით: “17 თებერვლის შემდეგ ორი, 13 და 24 მარტის სხდომების განმავლობაში საბჭომ 10-დე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებებს მომზადება სჭირდება, რაც გარკვეულ დრო მოითხოვს.  გადაწყვეტილებები დღესვე გამოქვეყნდება”.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება 17 თებერვლით თარიღდება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება 17 თებერვლით თარიღდება.

 

სასამართლო გამოცდების კომისიების წევრთა სია

Board-Meeting-Room     2015 წლის ნოემბერში ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების კომისიის წევრთა სია აქამდე არ გასაჯაროვებულა. კომისიის წევრებს გამოსაცდელების მიერ დაწერილი კაზუსების პასუხების შეფასება ევალებოდათ. ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გახმაურებული გამოცდების დროს ნაწერების გამსწორებელი კომისიის წევრები იყვნენ:
  1. ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე) — საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
  2. გიორგი გოგიაშვილი — სამართლის დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
  3. ნინო ელიეშვილი — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  4. მაია ვაჩაძე — საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
  5. ეკა ზარნაძე — სამართლის დოქტორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  6. მზია თოდუა —  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
  7. თამარ თომაშვილი — თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
  8.  მზია ლომთათიძე — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
  9. კახა მაჭავარიანი — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
  10. ზურაბ მაჭარაძე — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
  11. ნანა მჭედლიძე — ადამიანის უფლებების ევროპული სამართლის ექსპერტი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
  12. ლიანა ორკოდაშვილი — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  13. მაია სულხანიშვილი — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
  14. ზურაბ ძლიერიშვილი — საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
  15. ირმა ხარშილაძე — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ასევე გასაჯაროვდა იმ კომისის შემადგენლობა, რომელსაც გამოცდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ევალებოდა. 
  1. თამარ სულაქველიძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
  2. ეკატერინე ქათამაძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი.
  3. თეა ჯაფარიძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
  4. თეონა მაღრაძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
  5. მარინა თარიძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
2015 წლის ნოემბერში ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები აქტუალური საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ერთ-ერთი გამოსაცდელის მიერ კაზუსისთვის გაცემული პასუხი გაასაჯაროვა. გამოსაცდელის პასუხი ავტორის პასუხის იდენტური იყო. ჩვენთვის ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი ტესტების შემდგენელ ექსპერტთა ვინაობა.  ცნობილია, რომ საგამოცდო ტესტები ექსპერტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა იუსტიციის სამინისტროსთან არსებული იუსტიციის სასწავლო ცენტრის მეშვეობით გამარტივებული ტენდერით შეიძინა.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების საორგანიზაციო და საგამოცდო კომისიების შექმნის შესახებ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მეუღლე პროკურატურაში მუშაობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, კანდიდატად მოქმედი მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე 2015 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა. მისი ქონებრივი დეკლარაციისა და საქართველოს პთავარი პროკურატურის ვებგვერდის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსია. გიორგი მიქაუტაძის საკითხზე  კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭო  პარასკევს, 04/03/2016 სხდომაზე გეგმავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის დაწინაურების შესახებ განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის უმაღლესო საბჭო 2015 წ.
იუსტიციის უმაღლესო საბჭო 2015 წ. ფოტო საბჭოს ოფიციალური ინტერნეტ გვერდიდან

             საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადება

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს ზოგიერთი განმარტება საზოგადოებისათვის იმ მოვლენების გამო, რაც უკავშირდება  ამა წლის 16 ნოემბერს საბჭოს მიერ 7 მოსამართლის დაწინაურებას და მის უარყოფითად შეფასებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ.

საბჭო მიესალმება ყოველგვარ კრიტიკას, გამოთქმულს საბჭოს ცალკეული გადაწყვეტილებებისა თუ მისი მთელი საქმიანობის მიმართ, რადგან მიაჩნია, რომ ის მიზნები, რასაც საბჭოს საქმიანობა ემსახურება, მთელი საზოგადოების საზრუნავია იმავდროულად. ამის მიუხედავად, საბჭო იტოვებს უფლებას, პასუხი გასცეს უსაფუძვლო კრიტიკას და, როგორც მართლმსაჯულების პროცესის შეუფერხებლად განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, იმოქმედოს ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს შესაბამის გარემოებებში, ცხადია, მხოლოდდამხოლოდ კანონის საფუძველზე და მართლმსაჯულების უმთავრესი ინტერესების გათვალისწინებით.

 გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა

7 მოსამართლის დაწინაურებით სააპელაციო სასამართლოში, საბჭოს კანონი არ დაურღვევია. იგი დაეყრდნო საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41- მუხლებს, რომელთა ძალითაც, დაშვებულია სულ მცირე 2 წლის სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოქმედი მოსამართლის (და ამ პირობიდან  დაწესებულია გამონაკლისიც, რომელიც საბჭოს არ გამოუყენებია) დანიშვნა კონკურსის გარეშე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

ორგანული კანონით შესაბამისი პროცედურა დაწვრილებით გაწერილი არ არის, მაგრამ ეს ხარვეზი გამოასწორა საბჭომ, როდესაც თავისი ამა წლის 19 ოქტომბრის  გადაწყვეტილებით დაადგინა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, საკითხის განხილვის წესი, დაწინაურების კრიტერიუმები, პროცედურა, ვადები, იუსტიციის საბჭოს წევრთა  ვალდებულებები და სხვა,  და გამოიყენა კიდევაც იგი. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ბოლო 1 წლის განმავლობაში მათი საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მონაცემები ( განხორციელებული  „ საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით), მოსამართლეებთან გასაუბრება (ღია და არა დახურულ სხდომაზე), ცალკეულ კანდიდატებზე მსჯელობა საბჭოს წევრებს შორის და ა. შ.

მართალია, დაწვრილებითი რეგულაციები შემუშავდა და გამოქვეყნდა დაწინაურების მსურველ მოსამართლეთა მხრიდან განაცხადების შეტანის შემდეგ (ეს მართლაც იყო პროცესის ნაკლოვანება), მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა საკუთრივ კანდიდატურების ჯეროვნად განხილვასა და სამართლიანი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. უფრო მეტიც, რეგულაციების შემუშავებისას, საბჭომ მიმართა არასამთავრობო სექტორსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საბჭოსათვის მიეწოდებინათ თავიანთი კონკრეტული მოსაზრებები დაწინაურების კრიტერიუმებისა თუ პროცედურის საკითხებზე, თუმცა არავის მხრიდან რაიმე მოსაზრება თუ საქმიანი წინადადება წარმოდგენილი არ ყოფილა.

ამასთან, გვსურს იმაზე ხაზგასმაც, რომ მითითება „კონკურსის გარეშე“ მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე, პირობითია და  საქმის ნამდვილ არსს არ შეესაბამება. „კონკურსი“  საერთო სასამართლოების შესახებ კანონის გაგებით, გულისხმობს პროცედურას, რომელიც მიზნად ისახავს ვინმეს მოსამართლედ დანიშვნას ახალი ვადით და მისი სამუდამო გამწესების დიდი პერსპექტივით, მაშინ როდესაც, „კონკურსის გარეშე“ დანიშვნა გულისხმობს მოქმედი მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნას დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ კანონი უშვებს მოქმედი მოსამართლის სხვა, მათ შორის ზემდგომ სასამართლოში „კონკურსის გარეშე“ დანიშვნას, იუსტიციის საბჭოს მიერ შემუშავებული შესაბამისი რეგულაციები, ფაქტობრივად, სწორედ დასაწინაურებელი მოსამართლეების კონკურსის გზით შერჩევას გულისხმობს. და ეს ასეც მოხდა პრაქტიკაში, რამდენადაც ყველა მსურველს გააჩნდა შესაძლებლობა შეეტანა განაცხადი და მოეთხოვა მისი კანდიდატურის განხილვა. საბოლოოდ, საბჭომ 26 კანდიდატიდან შეფასების შედეგად შეარჩია 7 მათგანი. ეს პროცედურა, პრაქტიკულად, მცირედით თუ განსხვავდება „კონკურსის“ იმ ორდინარული პროცედურისაგან, რომელიც პირველად ანდა ახალი ვადით მოსამართლედ გამწესების დროს გამოიყენება.

მთლიანობაში, დაწინაურების გზით მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (28 სექტემბერი)  საბოლოო კენჭისყრამდე (16 ნოემბერი) განხორციელებულ   პროცედურებს დასჭირდა 50 დღე. ეს პერიოდი კი დაწინაურების მსურველ კანდიდატთა  შედარებით მცირე რაოდენობის (26) მხედველობაში მიღებით, ვერ ჩაითვლება არასაკმარისად, და მით უფრო, ისეთ ფორსირებულ პროცესად, რომელიც საბჭოს არ მისცემდა ინფორმირებული და საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საერთო მიზანშეწონილობა

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლების საფუძველზე მოსამართლეების ზედა ინსტანციებში გადაყვანაზე საერთოდ უარის თქმა, მიუღებელია. ეს მოქმედ მოსამართლეთა დაწინაურების უფლების გაუქმების ტოლფასი და კარიერის იმ პრინციპის საწინააღმდეგო იქნებოდა, რაც მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. როგორც დაწინაურების ლეგიტიმური მოტივაციის ხელშეწყობის, ისე სამოსამართლო რესურსის ეფექტიანი გამოყენების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეობის გამოცდილების მქონე პირები ინიშნებოდნენ და რომ მიუღებელი იქნებოდა, მოსამართლეები დაგვეყენებინა არჩევანის წინაშე – დაწინაურების სურვილის შემთხვევაში, ან დალოდებოდნენ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვას და შემდეგ ეცადათ ბედი, ანდა თავად ეთქვათ უარი უფლებამოსილების გარანტირებულ ვადაზე და დაექვემდებარებინათ თავი სამწლიანი საგამოცდო ვადისათვის, ისიც, მხოლოდ კონკურსში წარმატების შემთხვევაში. უფრო მეტიც, საბჭოს მიაჩნია, რომ მომწიფდა დრო, შეიცვალოს მიდგომები, და უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგას მოსამართლეთა კარიერის პრინციპის განვითარებისათვის. ამ თემაზე ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება დისკუსიის გახსნა და ყოველგვარი პრო- და კონტრა – არგუმენტების მოსმენა ყველას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

პრაქტიკული საჭიროება  

საბჭოს მიერ ჩატარებულმა ბოლო კონკურსებმა აჩვენა, რომ საბჭოს ძალიან გაუჭირდა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა იმ კონტიგენტიდან, რომელიც კონკურსებში მონაწილეობდა და რომლის ძირითადი შემადგენლობა, კონკურსიდან კონკურსამდე, იგივე რჩებოდა. ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 3 კანდიდატი დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში. ერთი მხრივ, ამ ფაქტორმა,  მეორე მხრივ კი იმ გარემოებამ, რომ ერთბაშად სააპელაციო სასამართლოს 10 მოსამართლეს დაუმთავრდა უფლებამოსილება, რამაც გაზარდა ვაკანტური ადგილების რაოდენობა, და, მასთან ერთად, დარჩენილი მოსამართლეების სამუშაო ტვირთი, იუსტიციის საბჭოს უბიძგა, გადაუდებელი აუცილებლობიდან და მოსამართლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, განეხორციელებინა სააპელაციო სასამართლოებში მოქმედ მოსამართლეთა დანიშვნა- დაწინაურება. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ საბჭომ გადაწყვიტა, 17 ვაკანტური ადგილიდან სააპელაციო სასამართლოებში  ( საერთო სასამართლოების სისტემაში სულ 68 ვაკანტური ადგილიდან) მხოლოდ 7 ადგილი გამოეყენებინა მოქმედი მოსამართლეების დასაწინაურებლად. ამგვარად, ხსენებული კანონის 37-ე და 41- მუხლების გამოყენება არ მომხდარა ექსცესიურად და ორდინარულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა საზიანოდ თუ მათი უფლებების დარღვევით. თუ საბჭოს წევრები მოქმედებდნენ რაიმე სხვა ინტერესებით, გარდა მართლმსაჯულების ინტერესისა, მათ არაფერი აბრკოლებდათ, რომ იგივე პირები ორდინარული კონკურსის მეშვეობით გაემწესებინათ იმავე ადგილებზე,  რათა თავიდან აეცილებინათ გარკვეული ეჭვების წარმოშობა და უკეთ „შეენიღბათ“ თავიანთი „არალეგიტიმური მოტივაცია“.

რაც შეეხება სხვა ეჭვებსა და სამდურავს:

კოალიციის საყვედური, რომ საბჭომ კენჭისყრის პროცედურა არ გადადო სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებული მასალის განხილვამდე, რელევანტური არ არის. აღნიშნული მასალა საბჭოში შემოვიდა კენჭისყრის დრემდე ორი დრით ადრე, და საბჭოს ზოგიერთი წევრისათვის მის შესახებ ცნობილი გახდა ან კენჭისყრის წინა დღეს ან სწორედ კენჭისყრის დღეს. ასეთ ვითარებაში, გონივრული არ იქნებოდა, საბჭოს შეეწყვიტა კანონის საფუძველზე განხორციელებული და უკვე დასასრულს მიახლოებული პროცედურა და გაურკვეველი ვადით დალოდებოდა მასალაში მითითებული ინფორმაციის დისციპლინური სამართალწარმოების ფორმატში გამოკვლევასა და მის შედეგებს. დისციპლინური დარღვევის ფაქტების სათანადოდ პროცედურის გზით დადგენამდე, საბჭოს არ ჰქონდა უფლება, ესა თუ ის ნეგატიური ინფორმაცია მოსამართლის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა იმ პრეზუმფციებიდან გამომდინარე, რაც დემოკრატიულ სისტემებში არსებობს მოსამართლის კეთილსინდისიერებისა თუ დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოდ.

ასევე უნიადაგოა და მხოლოდ სპეკულაციებს ემყარება კოალიციის მოსაზრება საბჭოს წევრებს შორის „უკანონო გარიგებების“ შესახებ, რაც თითქოსდა იმით მტკიცდება, რომ 7-მა კანდიდატმა 11 ხმიდან მიიღო 10 ხმა. ცხადია, თითოეული კანდიდატი, მათი ღირსება-ნაკლოვანებები იყო საბჭოს წევრთა განხილვის, მსჯელობისა და საბოლოო შეთანხმების საგანი. საბჭოსათვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა შეფასდეს  გარკვეულ კანდიდატებზე კონსენსუსის მიღწევა უარყოფითად და რატომ იქნებოდა შეუთანხმებლობა უფრო დადებითი მოვლენა როგორც საბჭოს ქმედითობის, ისე მართლმსაჯულების ინტერესების თვალსაზრისით.

———————————————–

საბჭო არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსამართლეთა დაწინაურების, ისევე როგორც სხვა სფეროებში, ჯერ კიდევ დიდი სივრცეა შემდგომი გაუმჯობესებისათვის, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ ჭრილში.  უფრო მეტიც, საბჭოს დაგეგმილი აქვს და უკვე დაიწყო კიდევაც ახლებური მიდგომების შემუშავება. კერძოდ, დაგეგმილი აქვს, მოსამართლეთა მუდმივი პროფესიული შეფასების სისტემის შექმნა და ჩამოყალიბება, რომლის ნაწილიც გახდება მოსამართლეთა დაწინაურების კონცეფცია.

დაბოლოს, საბჭო მოუწოდებს კოალიციას, საბჭოს საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მონიტორინგი არ გადაზარდოს სპეკულაციებზე დამყარებულ  კრიტიკაში, და ნებსით თუ უნებლიედ ხელი არ შეუწყოს საბჭოს თუ ცალკეულ მოსამართლეთა დისკრედიტაციას. ველით, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას დაუთმობს არა მარტო საბჭოს საქმიანობის კრიტიკას, არამედ იმ მძიმე საზოგადოებრივ წნეხის უარყოფით შეფასებასაც, ბოლო დროს რომ ხორციელდება კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ და ასეთ დიდ ზიანს რომ აყენებს სასამართლოს ჯერ კიდევ მყიფე დამოუკიდებლობას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები:

თამარ ალანია

მერაბ გაბინაშვილი

შოთა გეწაძე

ევა გოცირიძე

ზაზა მეიშვილი

ლევან მურუსიძე

ლევან თევზაძე

ვახტანგ თორდია

ილონა თოდუა

პაატა სილაგაძე

კახა სოფრომაძე

თბილისი,

2015 წლის 26 ნოემბერი

 

kavshirebi_logo

შეგახსენებთ, რომ  დაწინაურებულ მოსამართლეთა ვინაობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე დაწინაურებული მოსამართლეები არიან:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 

შოთა გეწაძე

გიორგი ტყავაძე

ამირან ძაბუნიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 

ანა გოგიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

გელა ქირია

ნათია ბარბაქაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია

მიროტაძე გიორგი

“კავშირები”-ს რედაქცია დაწინაურებული მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეებსა და გადაყვწტილებებს დააკვირდება და გამოაქვეყნებს.

მოსამართლის პასუხი

giorgi_maisuradze_answer ჩვენს მიერ პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელიც მოსამართლე გიორგი მაისურაძის მიერ აღებული საბანკო ვალდებულების გასტუმრებას შეეხებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან  მივიღეთ  პასუხი. ორი კვირის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ მონაცემები, რომლის მიხედვითაც მოსამართლე გიორგი მაისურაძის დეკლარაციებში შევნიშნეთ შეუსაბამობა: ”საქართველოს ბანკიდან” მან  24500 ლარი ისესხა, სესხის გადახდის პერიოდის გასულია,  მას კი 15961 ლარი აქვს გადახდილი, აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლები. პასუხი ასეთია: ”გიორგი მაისურაძის ინფორმაციით, თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში მის მიერ ასახული იპოთეკური სესხის დაფარვა მიმდინარეობდა რეგულარულად წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხევით, შესაბამისად აისახა დეკლარანტის მიერ წარგენილ დეკლარაციაში. ამასთან, მოსამართლის განმარტებით, დეკლარაციაში არსებული რაიმე სახის უზუსტობა უნდა წარმოადგენდეს  გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზს.” მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.  ამ დროისთვის კვლავ გაუგებარია, რა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია უზუსტობა დეკლარაციაში.  ჩვენ ვთხოვეთ მოსამართლეს, გაესაჯაროებინა ამ სესხთან დაკავშირებული საბანკო დოკუმენტაცია, თუმცა წერილის ეს ნაწილი მან უპასუხოდ დატოვა.