თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მეუღლე პროკურატურაში მუშაობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, კანდიდატად მოქმედი მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე 2015 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა. მისი ქონებრივი დეკლარაციისა და საქართველოს პთავარი პროკურატურის ვებგვერდის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსია. გიორგი მიქაუტაძის საკითხზე  კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭო  პარასკევს, 04/03/2016 სხდომაზე გეგმავს.

სასამართლოს გადაწყვეტილებები, შესაძლოა, ძველი წესით აღარ გასაჯაროვდეს

ნანა ბიგანიშვილი „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტია და გამოძიებების მოსამზადებლად გამუდმებით სჭირდება სასამართლოს დოკუმენტების შესწავლა. დღეს მან იცის, რომ შეუძლია სასამართლოს წერილობით მიმართოს და მოითხოვოს რომელიმე პირის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების, მაგალითად განაჩენის, ასლი და მიიღოს ის დაშტრიხული სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტში პერსონალური მონაცემები (მაგალითად, სახელი და გვარი) ამოშლილი იქნება. თუმცა, შესაძლოა, ვერც ნანამ და ვერც სხვა რომელიმე ჟურნალისტმა, ან ნებისმიერმა მოქალაქემ, ამიერიდან სასამართლოდან გადაწყვეტილებები ამ მეთოდით ვეღარ გამოითხოვოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ერთ-ერთი საჩივრის განხილვის შედეგ 2015 წლის 22 ივლისს გადაწყვიტა, რომ თუ ვინმე  სასამართლოდან კონკრეტული პირის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას: განაჩენს, განჩინებას და ა.შ გამოითხოვს, სასამართლომ ეს ინფორმაცია დაშტრიხული ფორმითაც კი აღარ უნდა გასცეს. ამ საკითხის დეტალური განხილვა გადაწყვეტილებაში მეხუთე გვერდიდან იწყება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის, ნიკოლოზ ბრეგვაძის განმარტებით, როდესაც ინფორმაციას კონკრეტული პირის შესახებ მისი სახელისა და გვარით ვითხოვთ, მაშინ ამ ინფორმაციის დაშტრიხვა აზრს კარგავს, რადგან ისედაც ცხადია, ვის შესახებაა განაჩენში საუბარი. აქედან გამომდინარე, თუ ამ ინფორმაციის გაცემის სხვა საფუძველი არ არსებობს, სასამართლომ განაჩენი და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები აღარ უნდა გასცეს. ამ გადაწყვეტილებას უკვე ერთი თვეა იცნობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი,  ეკა ციმაკურიძეც. მისი თქმით ამ საკითხს სპეციალურ შეხვედრაზე გაეცნო: „2015 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიწვევით, საიას სახელით ვესწრებოდი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, Article 42, IDFI , TIG, EMC, OSGF, CCRC, და სხვა ორგანიზაციები. შეხვედრაზე სასამართლოს თავმჯდომარემ შეგვატყობინა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებსასამართლოს თავმჯდომარის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის მიზანი იყო ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის განმარტებით, სასამართლოს მოუწევს ინფორმაციის გაცემის მის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უარის თქმა, როცა სასამართლო გასცემდა განაჩენებს შემდეგ შემთხვევებში: მოთხოვნილი იყო კონკრეტული პირის მიმართ გამოტანილი განაჩენი და სასამართლო გასცემდა მას დაშტრიხული სახით (ანუ ინფორმაციის გაცემა არაპირდაპირი იდენტიფიკაციის ფორმით). კითხვაზე, იცვლება თუ არა საჯარო ინფორმაციის სასამართლოდან გაცემის წესი, პერსონალურ მოანცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე პასუხობს:  
ნიკოლოზ ბრეგვაძე
      „მე მგონი, ეს ნიშნავს იმას, რომ ინსპექტორის აპარატი უფრო ქმედითი ხდება, და კანონის დაცვა, აღასრულება დაცვის ნაწილში, უკვე ყველა რგოლში ნელ-ნელა მიდის, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვა საჯარო უწყებებშიც.”           სტუდია მონიტორის ჟურნალისტის, ნანა ბიგანიშვილის აზრით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება არასწორია.    
ნანა ბიგანიშვილი
ნანა ბიგანიშვილი
„ის რომ ჩვენ შეგვიძლია სასამართლო პროცესის გადაღება და განაჩენის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟურნალისტებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებამ მიიღოს გადამოწმებული ობიექტური ინფორმაცია. თუ მე დღეს, როდესაც ტარდება პროცესი და შევძელი ფიზიკურად, რომ გადავიღო (ეს სასამართლო პროცესი), რის უფლებასაც მაძლევს კანონი, თუმცა ერთი თვის შემდეგ სხვა ჟურნალისტს არ მიეცა ამავე სხდომის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ეს ორი რეგულიაცია ერთმანეთთან. ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდეს ხელისუფლების მუშაობა და, ამის პარალელურად, ის, რომ სასამართლოში ნელ-ნელა  ინფორმაცია რაც გვაქვს, ისიც შეიზღუდოს, მე მგონია, რომ არასწორია.”   იმისთვის, რომ უკეთესად განვსაზღვროთ, როგორ მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის  ინსპექტორის მიერ სასამართლოებისთვის მიცემული დავალება და, შედეგად, როგორ გაამკაცრებს სასამართლო საჯარო ინფორმაციის გაცემას, ჩვენ რეგულარულად გამოვითხოვთ სასამართლოდან გადაწყვეტილებებს და მიღებულ პასუხებს გამოვაქვეყნებთ.

“მოსამართლის სესხი” — დამატებითი მონაცემები სამ მოსამართლეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემთა ბაზის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეების ნაწილი ბანკების საქმეებს იმ დროს განიხილავს, როდესაც მათ, ან მათი ოჯახის წევრებს, ამ ბანკებში კრედიტები აქვთ აღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს.

ზოგიერთი მოსამართლის სესხი სხვა დანარჩენებისგან თანხის მოცულობით გამორჩეულია.

shorena_jankhoteli

შორენა ჯანხოთელი

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მოსამართლე შორენა ჯანხოთელს, სხვა სესხებთან ერთად “საქართველოს ბანკიდან” 2014 წლის 14 აპრილს შვიდწლიანი სესხი, 78000$ აქვს აღბული. ამ პერიოდში საქართველოს ბანკთან დაკავშირებით შორენა ჯანხოთელის მოსამართლეობით 29 პროცესი ჩაინიშნა. მათ შორის ისეთი საქმეებიც არის, რომლებზეც რამდენიმე სხდომა იყო ჩანიშნული. აქედან გამომინარე, მოსამართლემ ეს საქმეები არ აიცილა.

shorena_jankhiteli_BOG_SAMPLE

urtmelidze_tamaz

თამაზ ურთმელიძე

მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს 2004 წლიდან დღემდე, დეკლარაციების მიხედვით, სხვადასხვა მოცულობის სესხი აქვს აღებული “ბანკ რესპუბლიკაში” და “საქართველოს ბანკში”

ყველაზე მეტი თანხა “საქართველოს ბანკიდან” მან ბოლო სამ წელიწადში ისესხა. მეუღლესთან, მირანდა გურგენიძესთან ერთად 2013 წელს, ათწლიანი 51800$ და 2014 წელს კი დამოუკიდებლად ასევე ათწლიანი 84100$. მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც “საქართველოს ბანკში” კრედიტი ჰქონდა, თამაზ ურთმელიძე განიხილავდა კრედიტორი ბანკის საქმეებს.tamaz_urtmelidze_BOG_SAMPLE

eliso_tukvadze

ელისო ტუკვაძე

მოსამართლე ელისო ტუკვაძის მეუღლემ, მიხეილ ჯიქიამ, 2007 წლის 25 მაისს “თიბისი ბანკიდან” 2014 წლის 26 თებერვლამდე ისესხა 50 000$. ეს სესხი 2011 წლის დეკლარაციაში აღარ ჩანს. ჩვენ შევამოწმეთ სასამართლოს სხდომების ბაზა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი პერიოდიდან 2008 წლიდან 2010 წლამდე. მონაცემთა ბაზის მეშვეობით დასტურდება, რომ მოსამართლე ამ პერიოდში განიხილავდა “თიბისი ბანკის” საქმეებს და არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე პროცესია ჩანიშნული, ანუ მოსამართლემ ამ შემთხვევებში საქმეები არ აიცილა.

eliso_tukvadze_TBC_SAMPLE

ვალდებულია თუ არა მოსამართლე, აიცილოს იმ ბანკის საქმე, რომელთანაც მას ამ ბანკში აღებული მიმდინარე კრედიტი აკავშირებს? ამ კითხვით იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს მივმართეთ:

 

გამოკითხვა: მოსამართლის სესხი

ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა: უნდა განიხილავდეს თუ არა მოსამართლე იმ ბანკის საქმეებს, რომელშიც სესხი აქვს?  

მოსამართლე სირბილაძის სესხი


cisana_sirbiladze_bank  

მოსამართლე ცისანა სირბილაძემ 2008 წლის 15 მაისს ,,საქართველოს ბანკიდან”: კრედიტი, 38500 აშშ დოლარი აიღო.

cisana_sirbiladze_krediti მისი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, სესხი 15 წლიანია (15/05/2008 – 15/05/2023). სირბილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო  საქმეებს 2012 წლის ოქტომბრიდან განიხილავს. ამ პერიოდიდან დღემდე მან სხვა საქმეებს შორის ,,საქართველოს ბანკის” საქმეებიც განიხილა. მათ შორის, რამდენიმე სხდომა დაუთმო თითოეულ ამ საქმეს:
  • ა. ტ., ი. ზ., სს ,,საქართველოს ბანკი”.
  • მ. ა., სს ,,საქართველოს ბანკი”, ც. ა., ხ. ნ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – შპს ,,ჰ—– ——ი”, ა. ა., მ. ა., მ. ა.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – ლ. ჩ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – ნ. ს. და სხვ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – ლ. მ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – შ. მ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად: ”მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ… მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს… ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.” კანონის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია ასეთ შემთხვევაში თვითაცილება განაცხადოს და შესაბამის განჩინებაში თვითაცილების საფუძველიც მიუთითოს. არის თუ არა ამ შემთხვევაში კრედიტი, 38500$ ვალდებულება? აქვს თუ არა ცისანა სირბილაძეს უფლება განიხილოს კრედიტორი ბანკის საქმეები, სანამ მას ამ ბანკთან სესხის ხელშეკრულება აკავშირებს? ვალდებული იყო თუ არა ის თვითაცილება განეცხადებინა? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვლი თვლის, რომ: უმჯობესი იყო მოსამართლეს თავად, თავისი ინიციატივით მიეღო ეს (თვითაცილების) გადაწყვეტილება. მაგრამ, აპრიორი იმის თქმა, რომ თუ მხარემ არ დააყენა ეს საკითხი, მან კანონი დაარღვია, მთლად სწორიც არ არის. მართლმსაჯულება რომ ობიექტურად ხორციელდება, ეს გარედანაც არ უნდა ბადებდეს ეჭვებს. ეს არის ბრიტანული სამართლის დაუწერელი პრინციპი, რომელიც შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში არის გამტკიცებული. რომელიც ამბობს, რომ მართლმსაჯულება არამხოლოდ რეალურად უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, არამედ გარედანაც უნდა ტოვებდეს ასეთის შთაბეჭდილებას. შეიძლება ეს ადამიანი თვლის, რომ ძალიან მაღალი კეთილსინდისიერების ხარისხის აქვს მას და რეალურად, შეიძლება, ისე გადაწყდა დავა, რომ მას არც კი უფიქრია, რომ ამავე დროს ამ ბანკში ჰქონდა სესხი და ამას შეიძლება მართლა არ ჰქონია არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა მისთვის, როდესაც ამ დავას განიხილავდა. მაგრამ გარედან ხომ ჩნდება კითხვის ნიშნები? ამიტომ არის ზუსტად ჩადებული ის მუხლები, და ამიტომ გვაქვს ჩვენ აცილება და თვითაცილების საკითხები.” ჩვენ წერილობით მივმართეთ მოსამართლე ცისანა სირბილაძეს და მის პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, შეიძლება თუ არა მოსამართლე განიხილავდეს იმ ბანკის საქმეს, რომლიდანაც კრედიტი აქვს აღებული. ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს და უახლოეს მომავალში სხვა მაგალითებსაც წარმოგიდგენთ, რომლის დროსაც მოსამართლეებს პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარესთან სასესხო ხელშეკრულება აკავშირებდათ.

ვინ უპასუხებს მოსამართლის ნაცვლად?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მაისურაძეს, 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2010 წლის 29 აპრილს ”საქართველოს ბანკიდან”  ოთხწლიანი იპოთეკური სესხი, 24500 ლარი აქვს აღებული.

გიორგი მაისურაძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

შემდგომი წლების დეკლარაციების მიხედვით, გადახდის იმავე პერიოდის მქონე იპოთეკური სესხის (18500 ლარი) გასწვრივ გრაფაში მითითებულია ოთხი გასავალი: 2012 წლის დეკლარაცია: გასავალი 6180 ლარი 2013 წელი — გასავალი 6180 ლარი 2014 წელი — გასავალი 1545 ლარი 2015 წელი — გასავალი 2056 ლარი ამ მონაცემების მიხედვით ჩნდება კითხვა: მოსამართლემ აღებული სესხის, 24500 ლარის გასასტუმრებლად გადაიხადა ნაკლები — 15961 ლარი, რაც აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლებია. როგორ აიხსნება ეს სხვაობა? ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილობით მივმართეთ. მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი წერილი ფორმალურად გაუმართავია და უნდა მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით ორჯერ მივმართეთ: 25 სექტემბერს და 29 სექტემბერს, პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. ამ ეტაპისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიიღოს ჟურნალისტმა მოსამართლის განმარტება, როდესაც კითხვა მის ქონებრივ დეკლარაციასთან, ან ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ჩნდება. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

შეიძლება თუ არა დეკლარაციის არასწორად შევსება?

ელისო ტუკვაძე

ელისო ტუკვაძე

2015 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ პოსტის თანახმად, მოსამართლე ელისო ტუკვაძემ არ იცოდა, რომ მისი მეუღლე მიხეილ ჯიქია შპს ”დრუსოში”100%-იან წილს ფლობდა და ამიტომაც არ ასახა ეს ფაქტი დეკლარაციაში. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ, კითხვებზე  წერილობით  გვიპასუხა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ”თანამდებობის პირი ვალდებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახოს  ინფორმაცია  სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ იურიდიულ პირში მისი, ან მისი ოჯახის წევრის , მონაწილეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა საწარმო ეკონომიკურ აქტივობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, სოფო ჭარელმა გვითხრა: ”თანამდებობის პირს დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის შესაძლოა დისციპლინური, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროს. ამისთვის უნდა დადგინდეს, განზრახ არასწორად  შეავსო თუ არა მან დეკლარაცია?  შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ მან, უბრალოდ, გაუფრთხილებლობით არ შეიტანა ესა თუ ის მონაცემი დეკლარაციაში, დაავიწყდა და არანაირი სხვა გვერდითი მიზანი არ გააჩნდა, ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც კანონმდებლობა მის მიმართ არანაირი სახის სანქციას თუ დამსჯელობით ღონისძიებას, არ ითვალისიწინებს. ზოგადად, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა  და საჭიროა, გარკვეულწილად, ამ მიმართულებით კანონმდებლობა გადაიხედოს . ერთია, რომ საჯაროა დეკლარაციები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ, რა წერია შიგნით — ეს ვიღაცამ შეისწავლოს. ამას არავინ აკეთებს და შემთხვევითობის პრინციპზე თუ ვინმე აღმოაჩენს ამ დარღვევას. შემდგომ მიდის განხილვა —  უნდა დაისაჯოს თუ არა ეს პიროვნება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვიღაც უნდა არსებობდეს, ვინც ამ ყველაფერს გადახედავს, და მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სახის სანქციები შეიძლება დაწესდეს დამატებით. ვთქვათ ის, რომ დაევალოთ იმ პირებს, ვინც ავსებენ დეკლარაციებს, ძალიან ყურადღებით მოეკიდონ დეკლარაციების შევსებას და სწორად გაიხსენონ ყველა ის შემოსავალი, წილი თუ საბანკო ანგარიში, რაც მათ არსებული სიტუაციით გააჩნიათ. ”— განმარტავს იურისტი სოფო ჭარელი.   საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:

მოსამართლე ელისო ტუკვაძემ დეკლარაციაში მეუღლის კომპანია არ მიუთითა

eliso_tukvadze

ელისო ტუკვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ელისო ტუკვაძეს, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც მან 28/05/2014 შეავსო, არ აქვს მითითებული შპს ”დრუსო”, რომლის დირექტორი, პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლის 26 ივლისიდან არის მიხეილ ჯიქია, ელისო ტუკვაძის მეუღლე.

ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვაზე მივიღეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს პრესსამსახურის კონსულტანტის, თეონა ქობულაძის   წერილობითი პასუხი:

”თქვენი 2015 წლის 19 მაისის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მოსამართლე შპს „დრუსოში“ თავისი ოჯახის წევრის მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. ამასთან, თქვენი შეტყობინების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „დრუსოს“ დაფუძნებიდან დღემდე,  არანაირი სამეწარმეო საქმიანობა  არ განუხორციელებია და  მას  არ გააჩნია არანაირი აქტივი, რაც დასტურდება  ასევე შემოსავლების სამსახურში საწარმოს პირად აღრიცხვის ბარათზე ასახული  მონაცემებით.

დანართი: 2015 წლის 20 მარტს დამოწმებული ამონაწერი შპს „დრუსოს“ პირადი აღრიცხვის ბარათიდან „2“ ფურცლად.”

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: