მოსამართლე სირბილაძის სესხი


cisana_sirbiladze_bank  

მოსამართლე ცისანა სირბილაძემ 2008 წლის 15 მაისს ,,საქართველოს ბანკიდან”: კრედიტი, 38500 აშშ დოლარი აიღო.

cisana_sirbiladze_krediti მისი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, სესხი 15 წლიანია (15/05/2008 – 15/05/2023). სირბილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო  საქმეებს 2012 წლის ოქტომბრიდან განიხილავს. ამ პერიოდიდან დღემდე მან სხვა საქმეებს შორის ,,საქართველოს ბანკის” საქმეებიც განიხილა. მათ შორის, რამდენიმე სხდომა დაუთმო თითოეულ ამ საქმეს:
  • ა. ტ., ი. ზ., სს ,,საქართველოს ბანკი”.
  • მ. ა., სს ,,საქართველოს ბანკი”, ც. ა., ხ. ნ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – შპს ,,ჰ—– ——ი”, ა. ა., მ. ა., მ. ა.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – ლ. ჩ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – ნ. ს. და სხვ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – ლ. მ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – შ. მ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად: ”მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ… მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს… ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.” კანონის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია ასეთ შემთხვევაში თვითაცილება განაცხადოს და შესაბამის განჩინებაში თვითაცილების საფუძველიც მიუთითოს. არის თუ არა ამ შემთხვევაში კრედიტი, 38500$ ვალდებულება? აქვს თუ არა ცისანა სირბილაძეს უფლება განიხილოს კრედიტორი ბანკის საქმეები, სანამ მას ამ ბანკთან სესხის ხელშეკრულება აკავშირებს? ვალდებული იყო თუ არა ის თვითაცილება განეცხადებინა? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვლი თვლის, რომ: უმჯობესი იყო მოსამართლეს თავად, თავისი ინიციატივით მიეღო ეს (თვითაცილების) გადაწყვეტილება. მაგრამ, აპრიორი იმის თქმა, რომ თუ მხარემ არ დააყენა ეს საკითხი, მან კანონი დაარღვია, მთლად სწორიც არ არის. მართლმსაჯულება რომ ობიექტურად ხორციელდება, ეს გარედანაც არ უნდა ბადებდეს ეჭვებს. ეს არის ბრიტანული სამართლის დაუწერელი პრინციპი, რომელიც შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში არის გამტკიცებული. რომელიც ამბობს, რომ მართლმსაჯულება არამხოლოდ რეალურად უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, არამედ გარედანაც უნდა ტოვებდეს ასეთის შთაბეჭდილებას. შეიძლება ეს ადამიანი თვლის, რომ ძალიან მაღალი კეთილსინდისიერების ხარისხის აქვს მას და რეალურად, შეიძლება, ისე გადაწყდა დავა, რომ მას არც კი უფიქრია, რომ ამავე დროს ამ ბანკში ჰქონდა სესხი და ამას შეიძლება მართლა არ ჰქონია არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა მისთვის, როდესაც ამ დავას განიხილავდა. მაგრამ გარედან ხომ ჩნდება კითხვის ნიშნები? ამიტომ არის ზუსტად ჩადებული ის მუხლები, და ამიტომ გვაქვს ჩვენ აცილება და თვითაცილების საკითხები.” ჩვენ წერილობით მივმართეთ მოსამართლე ცისანა სირბილაძეს და მის პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, შეიძლება თუ არა მოსამართლე განიხილავდეს იმ ბანკის საქმეს, რომლიდანაც კრედიტი აქვს აღებული. ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს და უახლოეს მომავალში სხვა მაგალითებსაც წარმოგიდგენთ, რომლის დროსაც მოსამართლეებს პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარესთან სასესხო ხელშეკრულება აკავშირებდათ.

ვინ უპასუხებს მოსამართლის ნაცვლად?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მაისურაძეს, 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2010 წლის 29 აპრილს ”საქართველოს ბანკიდან”  ოთხწლიანი იპოთეკური სესხი, 24500 ლარი აქვს აღებული.

გიორგი მაისურაძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

შემდგომი წლების დეკლარაციების მიხედვით, გადახდის იმავე პერიოდის მქონე იპოთეკური სესხის (18500 ლარი) გასწვრივ გრაფაში მითითებულია ოთხი გასავალი: 2012 წლის დეკლარაცია: გასავალი 6180 ლარი 2013 წელი — გასავალი 6180 ლარი 2014 წელი — გასავალი 1545 ლარი 2015 წელი — გასავალი 2056 ლარი ამ მონაცემების მიხედვით ჩნდება კითხვა: მოსამართლემ აღებული სესხის, 24500 ლარის გასასტუმრებლად გადაიხადა ნაკლები — 15961 ლარი, რაც აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლებია. როგორ აიხსნება ეს სხვაობა? ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილობით მივმართეთ. მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი წერილი ფორმალურად გაუმართავია და უნდა მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით ორჯერ მივმართეთ: 25 სექტემბერს და 29 სექტემბერს, პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. ამ ეტაპისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიიღოს ჟურნალისტმა მოსამართლის განმარტება, როდესაც კითხვა მის ქონებრივ დეკლარაციასთან, ან ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ჩნდება. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

შეიძლება თუ არა დეკლარაციის არასწორად შევსება?

ელისო ტუკვაძე

ელისო ტუკვაძე

2015 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ პოსტის თანახმად, მოსამართლე ელისო ტუკვაძემ არ იცოდა, რომ მისი მეუღლე მიხეილ ჯიქია შპს ”დრუსოში”100%-იან წილს ფლობდა და ამიტომაც არ ასახა ეს ფაქტი დეკლარაციაში. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ, კითხვებზე  წერილობით  გვიპასუხა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ”თანამდებობის პირი ვალდებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახოს  ინფორმაცია  სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ იურიდიულ პირში მისი, ან მისი ოჯახის წევრის , მონაწილეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა საწარმო ეკონომიკურ აქტივობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, სოფო ჭარელმა გვითხრა: ”თანამდებობის პირს დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის შესაძლოა დისციპლინური, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროს. ამისთვის უნდა დადგინდეს, განზრახ არასწორად  შეავსო თუ არა მან დეკლარაცია?  შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ მან, უბრალოდ, გაუფრთხილებლობით არ შეიტანა ესა თუ ის მონაცემი დეკლარაციაში, დაავიწყდა და არანაირი სხვა გვერდითი მიზანი არ გააჩნდა, ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც კანონმდებლობა მის მიმართ არანაირი სახის სანქციას თუ დამსჯელობით ღონისძიებას, არ ითვალისიწინებს. ზოგადად, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა  და საჭიროა, გარკვეულწილად, ამ მიმართულებით კანონმდებლობა გადაიხედოს . ერთია, რომ საჯაროა დეკლარაციები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ, რა წერია შიგნით — ეს ვიღაცამ შეისწავლოს. ამას არავინ აკეთებს და შემთხვევითობის პრინციპზე თუ ვინმე აღმოაჩენს ამ დარღვევას. შემდგომ მიდის განხილვა —  უნდა დაისაჯოს თუ არა ეს პიროვნება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვიღაც უნდა არსებობდეს, ვინც ამ ყველაფერს გადახედავს, და მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სახის სანქციები შეიძლება დაწესდეს დამატებით. ვთქვათ ის, რომ დაევალოთ იმ პირებს, ვინც ავსებენ დეკლარაციებს, ძალიან ყურადღებით მოეკიდონ დეკლარაციების შევსებას და სწორად გაიხსენონ ყველა ის შემოსავალი, წილი თუ საბანკო ანგარიში, რაც მათ არსებული სიტუაციით გააჩნიათ. ”— განმარტავს იურისტი სოფო ჭარელი.   საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:

მოსამართლე ელისო ტუკვაძემ დეკლარაციაში მეუღლის კომპანია არ მიუთითა

eliso_tukvadze

ელისო ტუკვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ელისო ტუკვაძეს, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც მან 28/05/2014 შეავსო, არ აქვს მითითებული შპს ”დრუსო”, რომლის დირექტორი, პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლის 26 ივლისიდან არის მიხეილ ჯიქია, ელისო ტუკვაძის მეუღლე.

ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვაზე მივიღეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს პრესსამსახურის კონსულტანტის, თეონა ქობულაძის   წერილობითი პასუხი:

”თქვენი 2015 წლის 19 მაისის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მოსამართლე შპს „დრუსოში“ თავისი ოჯახის წევრის მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. ამასთან, თქვენი შეტყობინების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „დრუსოს“ დაფუძნებიდან დღემდე,  არანაირი სამეწარმეო საქმიანობა  არ განუხორციელებია და  მას  არ გააჩნია არანაირი აქტივი, რაც დასტურდება  ასევე შემოსავლების სამსახურში საწარმოს პირად აღრიცხვის ბარათზე ასახული  მონაცემებით.

დანართი: 2015 წლის 20 მარტს დამოწმებული ამონაწერი შპს „დრუსოს“ პირადი აღრიცხვის ბარათიდან „2“ ფურცლად.”

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: