უმინისტრო შემოწმება

2018 წელს საჯარო სამსახურის ბიურო 298 თანამდებობის პირის დეკლარაციას შეამოწმებს, რომ დაადგინოს, ისინი რამდენად ზედმიწევნით ზუსტად ასაჯაროვებენ ფინანსურ მდგომარეობას და ხომ არ მალავენ რაიმე ქონებას.

წელს ამ სიაში არცერთი მინისტრი არ მოხვდა

მთავრობის სხდომა 2018წ. (www.gov.ge)

 

2017 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები

საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წელს შევსებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. 284 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო სამი დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შემოწმდა. ჯამში 287 დეკლარაციიდან, 224 დეკლარაცია, ანუ  78%-ი უარყოფითად შეფასდა, აქედან 13 საიდუმლო თანამდებობის პირთა კატეგორიას განეკუთვნება. 56 დეკლარაცია, ანუ 20%-ი, დადებითად შეფასდა , საიდანაც 4 საიდუმლო თანამდებობის პირთა კატეგორიას განეკუთვნება. წარმოება შეწყდა 2%-ზე.  აღსანიშნავია, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარანტებიდან 128 თანამდებობის პირი დაჯარიმდა.

 

Screen Shot 2018-01-03 at 04.03.57

 

“უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 7 დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევების შეფასება ცდება საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციას და  ეს შემთხვევები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.” – ნათქვამია დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშში. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”  საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით მიმართა და დამატებით საქართველოს პარლამენტის 54 წევრისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის დეკლარაციების შემოწმებაც მოითხოვა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ მონიტორინგი დაწყებულია და მიმდინარეობს წერილში მითითებული პირების დეკლარაციების შემოწმება. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარში საჯარო სამსახურის ბიუროში შეიქმნა სპეციალური სამსახური, რომელსაც თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი ევალება.

  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წელი ერთ ანგარიშში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე წლიური ანგარიშების განყოფილებაში მხოლოდ საბჭოს 2013 წლის ანგარიშია ატვირთული.

ჩვენ საბჭოს 13 დეკემბერს მივმართეთ კითხვით, რატომ არ არის ატვირთული შემდგომი წლების წლიური ანგარიშები? საბჭოდან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

20 დეკემბერს საბჭოს ყოფილმა წევრებმა განვლილი ოთხლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია უზენაესი სასამართლოს შენობაში გამართეს.

პრეზენტაციაზე მედიასაშუალებები არ მიუწვევიათ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ანგარიში ორ ენაზეა ატვირთული ქართულად და ინგლისურად.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ტესტების გახმაურებული სკანდალი საერთოდ არ არის ნახსენები.

 

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა
უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა