გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დილიდან კონკურსის გარეშე მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა და 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეებთან გასაუბრება და კენჭისყრა მიმდინარეობს. კონკურსის მონაწილეები გასაუბრების დაწყების წინ საკუთარ თავს არ წარადგენენ და მათი ვინაობა არც საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. შესაბამისად, სხდომის დამკვირვებელთათვის გასაუბრების მონაწილეთა ვინაობა დაზუსტებული არ არის.

საჯარო ჩანაწერები ჯანდაცვის ახალი მინისტრის შესახებ

ფოტო: www.moh.gov.ge
ფოტო: www.moh.gov.ge

მართალია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, მაგრამ უწყების ვებგვერდზე ჯერ ისევ დავით სერგეენკოს ბიოგრაფია დევს:

sergeenko

მედიაში გავრცელდა ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შემდეგი ბიოგრაფია (პირველწყარო ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ):
ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო განათლება თბილისში აქვს მიღებული, ექიმის კვალიფიკაციით.
ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით კვალიფიკაცია ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს გავლილი.
ეკატერინე ტიკარაძეს სხვადასხვა წლებში განათლება მიღებული აქვს ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში, ასევე მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში, ვენის დანუბეს უნივერსიტეტში და ნიურნბერგში.
2007-2008 წწ. გერმანია. ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემია, 2015-2016 წწ. გერმანია, მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულება.
2016-2019 წწ. ავსტრია, ვენის დანუბეს უნივერსიტეტი.
2006-2008 წწ. გერმანია, ნიურნბერგი, ფონდის „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშე“ პროექტის განვითარების მენეჯერი.
2008-2013 წლებში შვეიცარიული კომპანია „მედტრანსი“. 2015 წლიდან დღემდე – „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ეკატერინე ტიკარაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს ოთხ კომპანიასთან აქვს კავშირი:

Tikaradze_companies

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მინისტრი თბილისში დაბადებულა და მისი მამის სახელია: ტარიელი

tikaradze_reg

უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით მის სახელზე მხოლოდ ერთი ქონება იძებნება: სახლი ქვემო ვერაზე, როდენის ქუჩაზე, სადაც მინისტრი თანამესაკუთრეა და მას წილის 14/40 ეკუთვნის:

tikaradze_rodeni_street

tikaradze_ipotheka

tikaradze_rodeni_street2

ეკატერინე ტიკარაძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ უფრო მეტი დეტალი სავალდებულო და საჯარო დეკლარაციის შევსების შემდეგ გახდება ცნობილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ჩანაწერები წაიშალა

council

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოვითხოვეთ 2012- 2019 წლების საბჭოს სხდომების ვიდეოჩანაწერები.

მივიღეთ პასუხი, რომ გარკვეული პერიოდის მონაცმები სერვერებიდან წაიშალა და მათი აღდგენა ვერ მოხერხდა, დანარჩენი კი მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინეს, თუმცა ჩვენ არც ეს ნაწილობრივ აღდგენილი ჩანაწერები არ გადმოგვცეს.

საბჭოს პასუხი:

გაცნობებთ, რომ 2017 წელს წაიშალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემთა ბაზაში (სერვერზე) არსხებული ინფორმაცია, მათ შორის, საბჭოს სხომის ოქმები. 2012 წლიდამ 2014 წლის მაისამდე არსებული ჩანაწერების აღდგენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება, 2014 წლის მაისიდან 2017 წლამდე ჩატარებულ საბჭოს სხომის ოქმებს, მათი აღდგენა ნაწილობრივ განხორციელდა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული ჩანაწერების სრულყოფილი ვერსია.

ამასთან გაცნობებთ, რომ 2018-2019 წლების იუსტიციის სუმაღლესი საბჭოს ყველა სხდომის ოქმი, ასევე, 2012-2019 წლების დღის წესრიგები განთავსებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.hcoj.gov.ge

kavshirebi.ge აგრძელებს გარკვევას: რატომ წაიშალა სერვერებიდან ინფორმაცია, რატომ არ იყო მონაცემები სათანადოდ დაცული, არსებობდა თუ არა სათადარიგო ასლები, დაწყებულია თუ არა მონაცემების დაკარგვაზე გამოძიება და ვინ იყო პასუხისმგებელი მოანცემების დაცვაზე.

საბჭოს პრესსამსახურიდან ჯერჯერობით მივიღეთ მხოლოდ ეს განმარტება:

“2017 წელს გადატვირთულობის გამო სერვერმა ვეღარ შეძლო ფუნქციონირება, რის გამოც დაზიანდა მყარი დისკი. დაიკარგა სერვერზე არსებული ინფორმაცია. ბექაფით ინფორმაციის ნაწილის აღდგენა მოხერხდა.”