შალვა თადუმაძის ინტერესთა კონფლიქტის რისკი

შალვა თადუმაძე – საქართველოს მთავარი პროკურორი

მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძისა და მისი მეუღლის, მზევინარ ანსიანის სახელზე სამეწარმეო რეესტრში რამდენიმე ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

მათ შორის ორს წესდებაში უწერია, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი საგანი საადვოკატო საქმიანობაა.

 

კს შალვა თადუმაძე და ბი-ელ-ფი კონსალტინგი

საქმიანობის საგანი:

1. საადვოკატო საქმიანობა

2. იურიდიული მომსახურება

3. ტრენირება სამართლებრივ საკითხებში

4. ფსიქოლოგიური ტრენირება

5. ფსიქოლოგიური მომსახურება

 

კს მზევინარ ანსიანის ლოია კლაბი

საქმიანობის საგანი:

1. საადვოკატო საქმიანობა

2.საკონსულტაციო საქმიანობა

შალვა თადუმაძის მეუღლე
მზევინარ ანსიანი -შალვა თადუმაძის მეუღლე

 

 

გარდა ამისა, მზევინარ ანსიანი ამ ორი ორგანიზაციისგან დამოუკიდებლადაც არის სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატი. მაგალითად, ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა, 22 ივლისს დაგვიდასტურა, რომ მზევინარ ანსიანი “ლისის ტბის საქმეზე” მისი  სისხლის სამართლის ადვოკატი იყო, თუმცა რამაზ ახვლედიანის თქმით მან მოსალოდნელი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად მზევინარ ანსიანთა კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტა. 

 

ვინაიდან ყველა სისხლის სამართლის საქმე კავშირშია პროკურატურასთან, ჩნდება კითხვა:

წარმოექმნება თუ არა მთავარ პროკურორს ინტერესთა კონფლიქტი თუ მისი მეუღლე კვლავ იქნება სისხლის სამართლის საქმეთა ადვოკატი და,  თუ, ზემოთხსენებული ორი ბიუროს ადვოკატები  იმუშავებენ სისხლის სამართლის საქმეებზე.

ჩვენ  შალვა თადუმაძესთან და მის მეუღლესთან გასაუბრების ორკვირიანი მცდელობების შემდეგ მივიღეთ წერილობითი განმარტება:

“კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ აცილება ან მოახდინონ თვითაცილება. საქართველოს მთავარი პროკურის შალვა თადუმაძის მეუღლემ მზეო ანსიანმა წარმოებაში არსებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა თვითაცილება, რაც საქმეებში არსებული დოკუმენტაციებით დასტურდება. ასევე გაცნობებთ, რომ მთავარი პროკურორის მეუღლესთან დაკავშირებულ საადვოკატო კომპანიებში დაწყებულია შესაბამისი პროცედურები სისხლის სამართლის საადვოკატო საქმიანობის შეჩერების თაობაზე. შესაბამისი დოკუმენტაცია პროცედურების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.”

უახლოეს მომავალში ჩვენ გადავამოწმებთ აიცილა თუ არა მთავარი პროკურორის მეუღლემ ყველა სისხლის სამართლის საქმე და ასევე შეაჩერა თუ არა სისხლის სამართლის საადვოკატო საქმიანობა შალვა თადუმაძის ოჯახთან დაკავშირებულმა საადვოკატო ბიუროებმა. შესაბამისი დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა.