ვინ 7?

7personსაჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები რომ გამოაქვეყნა, არ გაასაჯაროვა იმ 7 თანამდებობის პირის ვინაობა, ვის შესახებაც ინფორმაცია რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

ეს ინფორმაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არც პროკურატურამ გაასაჯაროვა.

“საიას”  იურისტის, მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით,  საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის პირების შესახებ დაცული ინფორმაცია საჯაროა, ამიტომ “საიამ”  2018 წლის 16 თებერვალს სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა, რომ დაევალოთ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებს ამ ინფორმაციის გადმოგზავნა.

“საჯარო სამსახურის ბიურო მიიჩნევს, რომ ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს პროკურატურაში მიმდინარე წარმოების პროცესს, რასაც ვერ დავეთანხმებით. აღნიშნული არ არის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის პირების შესახებ დაცული ინფორმაცია არ მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს და არის საჯარო ინფორმაცია. გარდა ამისა, მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე არ ექცევა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა ნუსხაში.

ამასთან, პროკურატურაც და საჯარო სამსახურის ბიუროც ამბობს, რომ მოთხოვნილი ინფორამციის გაცემა დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის წარმოების მასალებთან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პირების ვინაობა არ არის პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის წარმოების მასალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა.”– განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი

სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 12 აპრილს ჩანიშნა .