სამსონ ქუთათელაძე სტამბულის ბაზრობის 29%-ს ფლობდა

სამსონ ქუთათელაძე
სამსონ ქუთათელაძე

შპს “ერთობას”, რომელსაც რუსთავის ბაზრობის ე.წ. “სტამბულის ბაზარი” ეკუთვნის,  ოთხი მეწილე ჰყავდა. 29% სამსონ ქუთათელაძეს, 15% რუსთავის თვითმმართველობას ეკუთვნის, 28-28 პროცენტი კი უზიელ ნონის და დავიდ შატო შათაშვილს ეკუთვნით. ორივე მათგანს საქართველო-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. შპს “ერთობას” ეკუთვნის  შპს “პილტი”-ის 25 პროცენტიც. ამ კომპანიაში 25% ბაზრის ყოფილი მეწილის, ზურაბ ჭანტურიას შვილს, მარიამ ჭანტურიასაც ეკუთვნის.

ბიოგრაფიული ცნობარიდან ირკვევა, რომ სამსონ ქუთათელაძე დამსახურებული სამხედრო მოსამსახურე იყო და არაერთ მედალს ფლობდა:

“საჩხერის ბატალიონის ოცმეთაური, დაზვერვის უფროსი, ბატალიონის მეთაური, სპეცდანიშნულების სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო ძალების შტაბის უფროსი, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე, ეროვნული გვარდიის სარდალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი. ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის მფლობელი. მიღებული აქვს მედლები საბრძოლო დამსახურებებისთვის. აქვს ბრიგადის გენერლისა და აშშ-ს არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება. ასევე, 2008-12 წლებში პარლამენტის წევრი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.” – ვკითხულობთ ბიოგრაფიულ ცნობარში.

შეგახსენებთ, რომ სამსონ ქუთათელაძე გუშინ შპს “ერთობის ტერიტორიაზე”, საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითდაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.