2017 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები

საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წელს შევსებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. 284 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო სამი დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შემოწმდა. ჯამში 287 დეკლარაციიდან, 224 დეკლარაცია, ანუ  78%-ი უარყოფითად შეფასდა, აქედან 13 საიდუმლო თანამდებობის პირთა კატეგორიას განეკუთვნება. 56 დეკლარაცია, ანუ 20%-ი, დადებითად შეფასდა , საიდანაც 4 საიდუმლო თანამდებობის პირთა კატეგორიას განეკუთვნება. წარმოება შეწყდა 2%-ზე.  აღსანიშნავია, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარანტებიდან 128 თანამდებობის პირი დაჯარიმდა.

 

Screen Shot 2018-01-03 at 04.03.57

 

“უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 7 დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევების შეფასება ცდება საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციას და  ეს შემთხვევები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.” – ნათქვამია დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშში. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”  საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით მიმართა და დამატებით საქართველოს პარლამენტის 54 წევრისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის დეკლარაციების შემოწმებაც მოითხოვა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ მონიტორინგი დაწყებულია და მიმდინარეობს წერილში მითითებული პირების დეკლარაციების შემოწმება. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარში საჯარო სამსახურის ბიუროში შეიქმნა სპეციალური სამსახური, რომელსაც თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი ევალება.