ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი მარტის შემდეგ არ განახლებულა

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე www.akhmeta.gov.ge ბოლო სიახლე 2017 წლის 2 მარტით თარიღდება. ახალ ფორმატში შექმნილ ვებ-გვერდზე არის ველი “მოქალაქეს”, სადაც შემდეგი კატეგორიებია: საყოველთაო ჯანდაცვა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ვიწრო და მრავალპროფილიანი კლინიკები, ჯანმრთელობის დაზღვევა. არც ერთი ჩამოთვლილ კატეგორიაში შესაბამისი ინფორმაცია არ მოიძებნება. მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ვებ-გვერდის ადმინისტრირება ახმეტის გამგეობას ეხება.

“კავშირები” საკითხის გასარკვევად, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს დავით აბულაძეს დაუკავშირდა. აბულაძის თქმით, ინფორმაციას პერიოდულად დებს თანამშრომელი, მაგრამ სიახლეებს ნაკლებად ტვირთავენ, რადგან “ფეისბუქ გვერდი უფრო აქტუალურია და ყველა სიახლეს აღარ ვდებთ. თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში დავდებ, არ არის პრობლემა. ნაკლებად მოთხოვნადია სიახლეები და რადგან ახალი აწყობილია ვებ-გვერდი, ვცდილობთ აუცილებელი გრაფები რაც არის, ის შევავსოთ” — აცხადებს აბულაძე. “შეგვყავს ის ინფორმაცია, რასაც ვებ-გვერდის ფორმატი ითხოვს”. როგორც აბულაძე ამბობს მიზეზი ვებ-გვერდის გაუმართაობის ტექნიკური პრობლემებიც არის. “ამ საკითხზე კონკრეტული თანამშრომელი მუშაობს. ჯერ ვერ გეტყვით, როდის გაიმართება ვებ-გვერდი, ალბათ ერთ თვეში” –ამბობს აბულაძე.

“კავშირები” ასევე დაუკავშირდა, ადმინისტრაციის უფროსის მიერ დასახელებულ თანამშრომელს, ქეთი თორღვაშვილს, რომელსაც ვებ-გვერდის ადმინისტრირება და ინფორმაციის განთავსება ეხება. თორღვაშვილი ადამიანური რესურსების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტია.

რატომ არ მუშაობს ვებ-გვერდი სრულად?

ჩვენი ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს. მე რაც შემიძლია ვანახლებ ინფორმაციას. ხარვეზი მქონდა ნიუსებში. დანარჩენი აუქციონი და საკრებულოსთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია მუდმივად იდება.

როდის დაიწყო განახლებულ ვებ-გვერდზე მუშაობა?

ვებ-გვერდზე მუშაობა 2016 წლის ზამთრის პერიოდში დაიწყო.

როდის დასრულდება ვებ-გვერდზე მუშაობა?

როდის დასრულდება ეს პროცესი ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს მთავრობის წამოწყებულია, ყველა მუნიციპალიტეტს ერთნაირ ვებ-გვერდებს უკეთებს.

სავარაუდოდ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, რომლებიც ვებ-გვერდებს ვმართავთ, რაღაც ტრენინგი დაგვჭირდება კიდევ. აქამდე ერთხელ თუ ორჯერ გვქონდა ტრენინგი თბილისში, მთავრობის კანცელარიაში.

რა თანხაა ვებ-გვერდის ადმინისტრირებაზე გამოყოფილი?

ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მე ადმინისტრაციის ერთერთი რიგითი თანამშრომელი ვარ, რომელმაც შევითავსე ეს მოვალეობა. არანაირი ცალკე განყოფილება ჩვენთან არ არის, უბრალოდ შევითავსე ეს ფუნქცია. საზოგადოებასთან ურთიერთობის შტატიც კი არ გვაქვს ცალკე. ცალკე ალბათ არც იყო ფინანსები.

ამ მოვალეობის შეთავსებისას აიღეთ დამატებითი ანაზღაურება?

არა, არ ამიღია ცალკე ანაზღაურება, ან დანამატი.

 

ავტორი: თამარ კიკაჩეიშვილი

ახალგორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი სრულად არ ფუნქციონირებს

ავტორი:თამარ კიკაჩეიშვილი

ახალგორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.akhalgori.org.ge განთავსებული ინფორმაცია მითითებულ ველებს არ შეესაბამება. გამგეობის შესახებ ინფორმაცია არ დევს და მის ნაცვლად ისტორიული შენობა-ნაგებობების ამბავია აღწერილი. ვებ-გვერდზე მითითებული ველები, რომლებიც მიმდინარე პროექტებს უნდა ეხებოდეს, არ ფუნქციონირებს. გაუმართავია ვებ-გვერდზე მითითებული აუქციონის, ტენდერების და კონტაქტების ველი. “კავშირები” ამ საკითხის გასარკვევად ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ ბალაშვილს დაუკავშირდა:

რატომ არ მუშაობს ვებ-გვერდი?

ვებ-გვერდი განახლების პროცესშია და რაღაც ინფორმაცია არ ემთხვევა ჯერ. გარკვეული ინფორმაცია დევს ახალგორის მუნიციპალიტეტის facebook გვერდზე, მაგრამ ვებ-გვერდზე ჯერ არ დევს.

როდის დაიწყო ვებ-გვერდზე მუშაობა?

ორი კვირის წინ დაიწყო მუშაობა ამ ვებ-გვერდზე და სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება.

აპირებთ თუ არა gov.ge-ზე გადასვლას?დიახ ვაპირებთ, ესეც ჩათვალა საჭიროდ საკრებულომ და მალე გადავალთ.

რა თანხაა გამოყოფილი ამ ვებ-გვერდისთვის?

ცალკე ფინანსური რესურსი ამისთვის არ გვაქვს გამოყოფილი. გვყავს თანამშრომელი IT სპეციალისტი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. საკრებულოს აქვს აღნიშნული სპეციალისტის შტატი და საჭირო არ გახდა დამატებითი რესურსის დახარჯვა.

 

 

 

 

 

 

 

 

თელავის ოფიციალური ვებგვერდი არ მუშაობს

თამარ კიკაჩეიშვილი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.telavi.gov.ge ბოლო ახალი ამბავი გასული წლის სექტემბრით თარიღდება. გვერდზე მოქალაქეებს არც უახლესი განცხადებების და გადაწყვეტილებების შესახებ დახვდებათ ინფორმაცია. ვებგვერდის გაუმართავი მუშაობის შესახებ. “კავშირები” თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, გიორგი ენუქიძეს დაუკავშირდა.

 

-რატომ არ ახლდება თელავის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი?

-მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტისთვის ახალი ვებ-გვერდები შეიქმნა, ეს არის მთავრობის ადმინისტრაციის და CTC-ს მიერ შემუშავებული. ნაცვლად ტირესი, (რომელიც ადრე იყო დასახელებაში) ახლა არის www.telavi.gov.ge  მაგრამ რაღაც პრობლემებია და სამწუხაროდ ვერცერთმა მუნიციპალიტეტმა ჯერ ვერ მოახერხა გადასვლა და  ჯერჯერობით არცერთ მუნიციპალიტეტს აქტიური ვებგვერდი არ აქვს.

 

– რატომ ვერ აამუშავეს მუნიციპალიტეტებმა ვებ-გვერდები?

ამდენად ვერ ვერკვევი, ანუ IT სპეციალისტები უკეთ ახსნიან, რაღაც არის გასამართი და კიდევ კადრების პრობლემაა. კომპეტენტური კადრი, რომელიც ჩვეულებრივი სპეციალისტის ხელფასზე წამოვიდოდა არ არის. კადრი არის მუნიციპალიტეტში, მაგრამ პროგრამისტი სჭირდება ამას. მოგეხსენებათ, პროგრამისტების ხელფასი 2000 ლარიდან იწყება და 300 ლარზე აქ არ წამოვა.

ეხლა ერთობლივად ვაპირებთ მუნიციპალიტეტები ხელშეკრულება დავდოთ  ორგანიზაციასთან, რომელიც დისტანციურად იმუშავებს, ანუ გაგვიმართავს კიდეც საიტებს და მოგვემსახურება.

-როდისთვის იქნება ვებგვერდი მზად?

-მიმდინარეობს მუშაობა და, სავარაუდოდ, მაისის თვეში მოხდება ძველი ვებგვერდიდან სრული ინფორმაციის გადმოტანა და ახალზე განთავსება.

საინფორმაციო საშუალებად ამ ეტაპზე აქტიურად ვიყენებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: “თელავის მერია”.

 

როგორ უნდა გაპიარდეს სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 აპრილის სხდომის სრული ჩანაწერი, სადაც საბჭოს წევრები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მაუწყებლებში დაფინანსებული მედიაპროდუქციის განთავსებაზე მედიის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ.