მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი მხოლოდ ქართულენოვანია

ავტორი: თამარ კიკაჩეიშვილი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.marneuli.gov.ge საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა განთავსებული. მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 80% ეთნიკურად აზერბაიჯანელია. მათი უმრავლესობა ქართულ ენას არ ფლობს.

marneulisweb

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, გარდა აზერბაიჯანელებისა, მარნეულში კიდევ 21 ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

ამ საკითხზე kavshirebi.ge მუნიციპალიტეტის ანალიზისა და საზოგადოებასათან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თინათინ მაშანეიშვილს დაუკავშირდა.

 

რატომ არ აქვს ვებ-გვერდს აზერბაიჯანული ენის ფუნქცია?

– ამ წუთში საიტის რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თუმცა, აზერბაიჯანულის ენის დამატება უახლოეს მომავალში სხვადასხვა მიზეზების გამო არ იგეგმება. ერთი მიზეზია ისიც, რომ  მოსახლეობის დაახლოვებით 7 % გახლავთ ეთნიკურად სომეხი. შესაძლოა ლეგიტიმურად დააყენონ საკითხი, თუკი აზერბაიჯანულ ენაზე იქნება საიტი, სომხურ ენაზეც იყოს, რადგან ამ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ქართული ენა კარგად არ იცის.

როგორ იღებს ინფორმაციას არაქართულენოვანი მოსახლეობა?

– ვინაიდან 80 % არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, გვყავს აზერბაიჯანელი თანამშრომელი, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარე ნებისმიერ სიახლეს მუნიციპალიტეტის facebook გვერდზე, კომენტარის სახით, აზერბაიჯანულ ენაზე  დებს. ნებისმიერ აზერბაიჯანელ მოქალაქეს შეუძლია საიტზე მოგვწეროს შეკითხვა, ჩვენ ვთარგმნით და პასუხს ვუბრუნებთ აზერბაიჯანულ ენაზე. ჩვენ ყველა მოქალაქის უფლება უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ მოხდეს დისკრიმინაცია, ვფიქრობთ, რომ ეს არის ოპტიმალური ვარიანტი.

როდიდან ფუნქციონირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი?

– საიტი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ადრე იყო www.marneuli.ge,  რომლის რეკონსტრუქცია მოხდა და იანვრიდან gov.ge-ზე გადავედით. გვინდა რომ საიტი იყოს დახვეწილი და ხელმისაწვდომი. ეხლაც მუშაობის პროცესში ვართ.

როდის დასრულდება ვებ-გვერდზე მუშაობა?

– მაქსიმუმ ორ თვეში დასრულდება.

რა თანხაა გამოყოფილი ვებ-გვერდის რეორგანიზაციისთვის?

– თანხა აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე იქნება გამოყოფილი, წინასწარ რომ იყოს ასე გამოყოფილი ასე არ ვიცი. ამაზე ჯობს, წერილობით მოგვმართოთ და გაგცემთ პასუხს.

რატომ არ პასუხობენ მითითებულ ცხელი ხაზის ნომერზე?

– ეს კანცელარიის ტელეფონის ნომერია და თუ რამე პრობლემაა მოწერაც შეუძლიათ. ყველა სამსახურის უფროსის მეილი და ტელეფონის ნომერი არის ვებ-გვერდზე მითითებული.