უვადოდ არჩეული 9 მოსამართლე

თამარ კიკაჩეიშვილი

21 აპრილს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ღია კენჭისყრის საფუძველზე, 9 მოსამართლე უვადოდ აირჩია. 2014 წლის 27 მაისის დადგენილებით, მოსამართლეებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის და შერჩევის პროცედურების გავლის გათვალისწინებით, უვადოდ აირჩევდნენ. 16 აპრილს ამ მოსამართლეებთან გასაუბრება საბჭომ  ჩაატარა, რომელმაც ასევე მათი სამწლიანი საქმიანობა გაანალიზა და შეაფასა.

  • კენჭისყის შედეგების მიხედვით, ხმათა სრული უმრავლესობით ნინო ბუაჩიძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა.
  • 14 ხმით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ თეა ლეონიძე
  • 14 ხმით მაგისტრად მოსამართლედ ბოლნისის რაიონის  მარნეულის მუნიციპალიტეტში მანანა მესხიშვილი აირჩიეს.
  • 14 ხმა მიიღო ლევან დარბაიძემაც, რომელიც  გორის  რაიონული სასამართლოს  მოსამართლედ გამწესდა.
  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრად მოსამართლედ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლაშა თავართქილაძე გამწესდა.
  • თეთრიწყაროს რაიონის მაგისტრად მოსამართლედ წალკის მუნიციპალიტეტში სოფო გაგნიძე აირჩიეს.
  • ნანა კალანდაძე სამტრედიის რაიონული სასამართლოს,  მაგისტრად მოსამართლედ, ვანის მუნიციპალიტეტში უვადოდ გამწესდა.
  • შოთა ბიჭია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
  •  მანუჩარ ცაცუა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრად მოსამართლედ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაამწესეს.

როგორ შეამოწმეს სამხედრო მოსამსახურე ოპიუმზე

თამარ კიკაჩეიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა  სხდომაზე მოისმინეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ნარკოტიკის მოხმარებაზე შემოწმებული სამხედრო მოსამსახურის შესახებ.

რეკომენდაცია სხდომის მონაწილეებს საბჭოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის კონსულტანტმა ხატია შეყილაძემ გააცნო. მისი ნაამბობის მიხედვით, ეს სამხედრო მოსამსახურე შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. წვრთნიდან დაბრუნებულს დაბრუნებულს ნარკოტიკული ნივთიერება ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

შეყილაძის თქმით, წვრთნიდან დაბრუნების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნა შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. კრიმინალისტიკურმა სამსახურმა აიღო ბიოლოგიური მასალა შარდი 2015 წლის 24 ივნისს და პირველი ივლისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამ პიროვნებას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის, მოხმარების ფაქტი.

 

(ამ შემთხვევის განხილვისას საბჭოს სხდომაზე სამხედრო მოსამსახურისა და მოსამართლის იდენტიფიცირება არ მომხდარა. ვიდეოჩანაწერში ამ საკითხის განხილვა იწყება 2:03:00-დან)

სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სამხედრომ ნარკოტიკის მოხმარება არ აღიარა. მან დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა. 2015 წლის 7 ივლისს მოსამართლემ ექსპერტიზის სასამართლოს ინიციატივით დანიშვნის შესახებ გამოიტანა განჩინება.

შეყილაძის თქმით, მოსამართლემ: შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს დაავალა, რომ ის ბიოლოგიური მასალა, რაც თვითონ გამოიყენა ექსპერტიზის ჩატარებისას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსათვის გადაეგზავნა.

ექსპერტიზის დამნიშვნელი, განჩინებიდან გამომდინარე, სასამართლო იყო, მაგრამ ხარჯების ანაზღაურება მოსამართლემ სამხედრო მოსამსახურეს დააკისრა.

ცხრა დღეში ექსპერტიზის ბიურომ სასამართლოს შეატყობინა, რომ  საკვლევი ბიულოგიური მასალა საკმარისი რაოდენობით არ იყო წარდგენილი და თუ დამატებით მასალას ვერ მიიღებდნენ, ხელახალ ექსპერტიზას ვერ ჩაატარებდნენ.

შეყილაძის თქმით: განჩინების შემდეგ, ვინაიდან აუცილებელი გახდა კრიმინალისტიკურ სამსახურს სამხარაულისთვის, ეს ბიოლოგიური მასალა გაეგზავნა, ბიოლოგიური მასალა გაყვეს და 7 მილიგრამი ცალკე და დაახლოებით 13 — ცალკე ქილაში მოათავსეს. თუმცა, როდესაც სამხარაულის ბიურომ  სასამართლოს მიმართა, მის წერილში ეწერა, რომ საკვლევი მასალა, 3.5 მილიგრამის ოდენობით იყო წარდგენილი მაშინ, როცა, კრიმინალისტიკური სამსახური სამხარაულის მიმართ გაგზავნილ წერილში წერდა, რომ 7 მილიგრამი საკვლევი მასალა წარადგინა.

ეს წერილი 16 ივლისით თარიღდება და, როგორც ირკვევა, 15-დან 31 ივლისამდე მოსამართლე შვებულებაში იმყოფებოდა. ვინაიდან, დამატებით მასალა არ წარადგინეს, სამხარაულმა გამოიტანა აქტი ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. დაინიშნა სასამართლო, ადმინისტრაციული საქმის განხილვის პროცესი და 25 სექტემბერს მოსამართლემ დადგენილება გამოიტანა, რომლითაც იმ კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

“ამის შემდეგ ამ საქმით სახალხო დამცველი დაინტერესდა, დაუკავშირდა ამ მოსამართლეს და ამ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის თანაშემწემ მას ინფორმაცია გაუგზავნა და აცნობა რომ, მას შემდეგ, რაც სამხარაულისგან დამატებითი ბიოლოგიური მასალის წარდგენის შესახებ მიიღეს მოთხოვნა, როგორც თანაშემწე განმარტავს, მოთხოვნისთანავე დაუკავშირდა ტელეფონით კრიმინალისტიკურ სამსახურს და კრიმინალისტიკურმა სამსახურმა განუმარტა, რომ ბიოლოგიური მასალა, რაც გამოიყენეს, გადააგზავნეს სამხარაულის ბიუროში და მისი გაყოფა არ მომხდარა. როგორც თანაშემწე განმარტავს, ის ასევე დაუკავშირდა სამხარაულის ბიუროს და შეატყობინა ის ინფორმაცია, რაც კრიმინალისტიკური სამსახურიდან მიიღო და სამართალდარღვევაში ბრალეულ პირს დაუკავშირდა. შეატყობინა და შესთავაზა, რომ სხვა სახის ექსპერტიზა ჩაეტარებინა, მაგალითად თმის ღერის მეშვეობით. იმიტომ, რომ ვერ ხერხდებოდა დამატებითი ბიოლოგიური მასალის წარდგენა.” – აცხადებს შეყილაძე.

მოგვიანებით, სახალხო დამცველმა სასამართლოსგან მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რით დასტურდებოდა სატელეფონო კომუნიკაცია. თუ არსებობდა ჩანაწერი. ჩანაწერი არ არსებობდა. შესაბამისად, ვერაფრით დასტურდებოდა ის, რომ მოსამართლის თანაშემწემ ნამდვილად ასეთი პასუხი მიიღო კრიმინალისტიკური სამსახურისგან. შემდეგ, თანაშემწე თავისი ინიციატივით დაუკავშირდა კრიმინალისტიკურ სამსახურს და უთხრა წერილობით მიეწერათ, რა რაოდენობის მასალა გაუგზავნეს სამხარაულის ბიუროს. კრიმინალისტიკურმა სამსახურმა წერილობით აცნობა, რომ სულ აღებული ჰქონდათ 20 მილიგრამი მასალა, მოხდა გაყოფა და გადაიგზავნა 7 მილიგრამი ოდენობით. თუმცა, აქ შეყილაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არის ცდომილება კრიმინალისტიკური სამსახურის და სამხარაულის ბიუროს ინფორმაციებს შორის.

შეყილაძის თქმით, სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია, როგორ ხდებოდა საქმეთა განაწილება მაშინ, როცა მოსამართლე შვებულებაში იყო. სასამართლოსგან მიიღო შემდეგი განმარტება: ასეთ შემთხვევაში მოსამართლის ნების გათვალისწინებით, იგი წერს მოხსენებით ბარათს და ასეთ დროს სასამართლოს თავმჯდომარე სხვა მოსამართლეზე ანაწილებს საქმეს, ამ კონკრეტულ განცხადებას განსახილველად.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციით ჩვენ გვთხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს და მიიღოს შესაბამისი ზომები, ვინც არის პასუხისმგებელი პირი ამ სამართალურთიერთობაში და მეორე, ითხოვს რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროცედურული წესი შეიმუშავოს, სადაც გაწერილი იქნება, როგორ ხდება საქმეთა განაწილება მოსამართლის შვებულებაში ყოფნის დროს– თქვა შეყილაძემ.

აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 24 მარტს მიმართა. როგორც სხდომაზე განაცხადეს, მან საქმეზე მსჯელობა და რეგირება მოითხოვა, აგრეთვე რეკომენდაცია გასცა გაწერილიყო მოსამართლის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის უფლება-მოვალეობები.  

სახალხო დამცველის რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა სრულყოფილი ინფორმაციის მოძიების შემდეგ დაიწყოს აღნიშნულზე მსჯელობა და ჩართულობის მიზნით, ამ პროცესს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც დაესწროს. თუმცა, მანამდე საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა უკმაყოფილება გამოხატა სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე და ეს სასამართლო პროცესში “ჩარევად” შეაფასა.  “კონსტიტუციაში წერია, რომ არავის აქვს ჩარევის უფლება და ეს არის ჩარევა. როგორც პროკურორი იკვლევდა მასალებს ისე მოიკვლია. ეს ცუდი ტენდენციაა სახალხო დამცველის მხრიდან’’ – განაცხადა მეთოფიშვილმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი მხოლოდ ქართულენოვანია

ავტორი: თამარ კიკაჩეიშვილი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.marneuli.gov.ge საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა განთავსებული. მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 80% ეთნიკურად აზერბაიჯანელია. მათი უმრავლესობა ქართულ ენას არ ფლობს.

marneulisweb

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, გარდა აზერბაიჯანელებისა, მარნეულში კიდევ 21 ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

ამ საკითხზე kavshirebi.ge მუნიციპალიტეტის ანალიზისა და საზოგადოებასათან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თინათინ მაშანეიშვილს დაუკავშირდა.

 

რატომ არ აქვს ვებ-გვერდს აზერბაიჯანული ენის ფუნქცია?

– ამ წუთში საიტის რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თუმცა, აზერბაიჯანულის ენის დამატება უახლოეს მომავალში სხვადასხვა მიზეზების გამო არ იგეგმება. ერთი მიზეზია ისიც, რომ  მოსახლეობის დაახლოვებით 7 % გახლავთ ეთნიკურად სომეხი. შესაძლოა ლეგიტიმურად დააყენონ საკითხი, თუკი აზერბაიჯანულ ენაზე იქნება საიტი, სომხურ ენაზეც იყოს, რადგან ამ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ქართული ენა კარგად არ იცის.

როგორ იღებს ინფორმაციას არაქართულენოვანი მოსახლეობა?

– ვინაიდან 80 % არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, გვყავს აზერბაიჯანელი თანამშრომელი, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარე ნებისმიერ სიახლეს მუნიციპალიტეტის facebook გვერდზე, კომენტარის სახით, აზერბაიჯანულ ენაზე  დებს. ნებისმიერ აზერბაიჯანელ მოქალაქეს შეუძლია საიტზე მოგვწეროს შეკითხვა, ჩვენ ვთარგმნით და პასუხს ვუბრუნებთ აზერბაიჯანულ ენაზე. ჩვენ ყველა მოქალაქის უფლება უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ მოხდეს დისკრიმინაცია, ვფიქრობთ, რომ ეს არის ოპტიმალური ვარიანტი.

როდიდან ფუნქციონირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი?

– საიტი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ადრე იყო www.marneuli.ge,  რომლის რეკონსტრუქცია მოხდა და იანვრიდან gov.ge-ზე გადავედით. გვინდა რომ საიტი იყოს დახვეწილი და ხელმისაწვდომი. ეხლაც მუშაობის პროცესში ვართ.

როდის დასრულდება ვებ-გვერდზე მუშაობა?

– მაქსიმუმ ორ თვეში დასრულდება.

რა თანხაა გამოყოფილი ვებ-გვერდის რეორგანიზაციისთვის?

– თანხა აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე იქნება გამოყოფილი, წინასწარ რომ იყოს ასე გამოყოფილი ასე არ ვიცი. ამაზე ჯობს, წერილობით მოგვმართოთ და გაგცემთ პასუხს.

რატომ არ პასუხობენ მითითებულ ცხელი ხაზის ნომერზე?

– ეს კანცელარიის ტელეფონის ნომერია და თუ რამე პრობლემაა მოწერაც შეუძლიათ. ყველა სამსახურის უფროსის მეილი და ტელეფონის ნომერი არის ვებ-გვერდზე მითითებული.

თელავის ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი www.sagarejo.gov.ge სრულყოფილად არ მუშაობს. ინფორმაცია არ იძებნება საჯარო ინფორმაციის სექციაში. ასევე ცარიელია განყოფილება, რომელიც მოქალაქეებს სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს. ვერაფერს ნახავთ განათლების, დასაქმებისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ. enukidzeსაგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირად გიორგი ენუქიძეა მითითებული და აქვეა მისივე საკონტაქტო ინფორმაციაც. რეალურად, ენუქიძე თელავის მერიის ადმინისტრაციის უფროსია. მას ვებ-გვერდზე მითითებული ნომერზე დავუკავშირდით. “არ მაქვს შეხება საგარეჯოსთან და… ალბათ, რაღაც შეცდომაა. ახლა ვნახე, ელ-ფოსტაც ჩვენია (თელავის მერიის) მითითებული.”

gamgebeli

ვებ-გვერდზე მითითებულ საგარეჯოს გამგეობის და საკრებულოს ტელეფონის ნომრებზე მთელი დღის განმავლობაში ვერ დავრეკეთ.

მობილურზე გვიპასუხა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარმა სპეციალისტმა, გვანცა ჯავახიშვილმა. მისი თქმით, ვებ-გვერდი დამუშავების პროცესშია და ინფორმაცია ეტაპობრივად დაიდება. როდის დაიწყო და როდის დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ ინფორმაციას თავადაც არ ფლობს:

– ვებ-გვერდზე რატომ არ დევს საჯარო ინფორმაცია?

ჯერ კიდევ მიმდინარეობს მაგ საიტზე მუშაობა, ანუ ძველი საიტი გვქონდა და ეს ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია და ამიტომ ბოლომდე არ გვაქვს ყველა ინფორმაცია დადებული.

– როდის დასრულდება ამ ვებ-გვერდზე მუშაობა?

არ ვიცი ჯერ, ნამდვილად არ ვიცი. ვერ გეტყვით როდის დასრულდება. ჩვენც ველოდებით. სურათებიც კი საგარეჯოსი კი არა, თელავის არის ზოგი და ცოტა არეულობაა საიტზე და ვერ გეტყვით როდის დასრულდება.

– რატომ ვერ ხერხდება მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაკავშირება?

 ტექნიკური შეცდომაა მგონი. ეხლა უნდა გადავამოწმო. დამირეკეს სხვა ნომერი არის მითითებული და იმ ნომერზე რეკავენო. ეტყობა ტექნიკური ხარვეზია.

– როდიდან დაიწყო ახალ ვებ-გვერდზე მუშაობა?

ზუსტად ვერ გეტყვით, შარშან დაიწყო მგონი.  

ჩვენ პერიოდულად გადავამოწმებთ, რამდენად გამართულად მუშაობს საგარეჯოს და სხვა მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდები.