დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესის წილი სამართავად მეუღლეს გადასცა


პირველმა ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს “რეშენალ სოლუშენსის” 10%-იანი წილი სამართავად საკუთარ მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილს გადასცა. ხელშეკრულება 6 ივნისს ნოტარიუს ეკატერინე ძულიაშვილთან გაფორმდა. კომპანიის დანარჩენ 90%-ს “შპს კვირის პალიტრა” ფლობს.
“რეშენალ სოლუშენსი” ფასდაკლებების ვებგვერდის, hotsale.ge-ს მფლობელი კომპანიაა.
ქუმსიშვილი თავდაპირველად “რეშენალ სოლუშენსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, მოგვიანებით კი 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. მის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მინისტრის შემოსავალი ამ კომპანიიდან 39900 ლარი იყო.
მაისში, “პოსტსკრიპტუმში” გასულ რეპორტაჟში დიმიტრი ქუმსიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ალხაზაშვილმა დაადასტურა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, დიმიტრი ქუმსიშვილს, როგორც მთავრობის წევრს, “რეშენალ სოლუშენსის” წილის ფლობის გამო თანამდებობრივი შეუთავსებლობა ჰქონდა. იურისტის განმარტებით, წილის გასხვისების, ან მართვაში გადაცემის უფლებას მინისტრს ყოფილი პარტნიორები არ აძლევდნენ.